რა არის მუდმივი, ანუ Always-On მარკეტინგი?

დღევანდელ ბიზნეს სამყაროში მომხმარებელი 24/7-ზე ელის მასზე მორგებულ, პერსონალიზებულ მომსახურებას ბრენდებისგან. არ აქვს მნიშვნელობა, მსოფლიოს რომელ ნაწილში იმყოფებიან ისინი. გამოკითხვების თანახმად, სმარტფონის მომხმარებელთა 75% მყისიერი ინფორმაციის მიღებას საიტის გახსნისთანავე ელოდება, ხოლო 51%-ს სჯერა, რომ ბიზნესებთან დაკავშირება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან უნდა იყოს შესაძლებელი.
რას ნიშნავს ეს ბრენდებისთვის, რომლებიც მუდმივ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი? სწორედ აქ შემოდის მუდმივი მარკეტინგის ცნება.
რას ნიშნავს მუდმივი მარკეტინგი?
მუდმივ მარკეტინგზე შეგვიძლია ვიფიქროთ, როგორც მუდმივ, განგრძობით მარკეტინგულ აქტივობებზე, რომლებსაც 24 საათის განმავლობაში, ყოველდღიურად ვმართავთ.
მუდმივი მარკეტინგი და შესაბამისად, მუდმივი ხელმისაწვდომობა მსოფლიოს გარშემო, ბრენდებს მომხმარებელთა შენარჩუნებასა და მათ მოძიებაში ეხმარება.
თუ კიდევ ბუნდოვანია ეს ცნება თქვენთვის, მაშინ ის კამპანიის ცნებას შევადაროთ:
- კამპანია = ძლიერი გაყიდვები, push მარკეტინგი წინასწარ განსაზღვრული დროის განმვალობაში.
- მუდმივი მარკეტინგი = თანმიმდევრული და მუდმივი მარკეტინგული აქტოვობები, ძალისხმევა, რომელიც განუსაზღვრელი დროით გრძელდება.
და მაინც, როგორ მუშაობს მუდმივი მარკეტინგი?
მუდმივი მარკეტინგის მიზანია, მიაღწიოს მაქსიმალურ ხილვადობას და მაქსიმალურად დაარწმუნოს თითოეული მომხმარებელი, არჩევანი კონკრეტულ ბრენდზე შეაჩეროს. ამას კი ის ნებისმიერ შესაძლო მომენტში გამოჩენით ახერხებს.
წარმოიდგინეთ ფასიანი საძიებო რეკლამები, SEO ან სოციალური მედია - თქვენს მარკეტინგულ გუნდს არ სჭირდება მუდმივად ონლაინ სივრცეში ყოფნა - იმ კონკრეტულ მომენტშიც კი, როდესაც მომხმარებელმა შესაძლოა თქვენ შესახებ რაიმე ახალი შეიტყოს ან სულაც, პირველად აღმოგაჩინოთ.
მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ცნობადობის მწვერვალს მიაღწევს თქვენი ონლაინ რეკლამებისა და SEO-ს საშუალებით, შეგიძლიათ მასთან ურთიერთობის ჩამოყალიბების ეტაპზე გადახვიდეთ და მათ სასურველი კონტენტი მიაწოდოთ.
აღნიშნული პროცესი სასურველია ავტომატიზებული იყოს, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ უამრავი მონაცემი დაგჭირდებათ წარმატების მისაღწევად. ვინაიდან, მუდმივი მარკეტინგი ინდივიდუალური მომხმარებლის მოგზაურობაზეა ორიენტირებული, მარკეტინგული მასალების პერსონალიზაცია მუდმივად გადახედვადი უნდა იყოს და საჭიროებისამებრ, იცვლებოდეს და იხვეწებოდეს.
Google ამას „ჭეშმარიტების ნულოვან მომენტს“ უწოდებს, სადაც მარკეტინგული აქტივობები მუდმივად აკმაყოფილებს მომხმარებელთა საჭიროებებს. არ არსებობს რაიმე ერთი ფორმულა, რომელიც მუდმივ მარკეტინგს მიესადაგება, ეს ხშირად, თქვენი სტრატეგიის თითოეულ ასპექტს მოიცავს - როგორც ონალინ, ისე ოფლაინ სივრცეში. მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებლისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოთ.
რატომ უნდა იფიქროთ მუდმივი მარკეტინგის სტრატეგიის გამოყენებაზე?
მუდმივი მარკეტინგის სტრატეგია დიდი პასუხისმგებლობაა და დიდ ძალისხმევასაც მოიცავს, თუმცა ღირებული ნამდვილად არის. ავტომატიზაციის საშუალებით შეგეძლებათ, თქვენი მარკეტინგული მასალები - კონტენტი, თითოეულ მომხმარებელს მოარგოთ და მათთვის ბრენდთან შეხების წერტილები შექმნათ.
თქვენს აუდიტორიასთან კომუნიკაციას უფრო სწრაფად და უფრო ხშირად შეძლებთ, თანაც ყველაზე საჭირო მომენტებში - მაშინ, როდესაც მომხმარებელს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად სჭირდება ბიძგი. გარდა ამისა, ავტომატიზაცია საშუალებას გაძლევთ, დაზოგოთ ადამიანური რესურსი და შექმნათ სისტემა, რომელიც ზრდაზე იქნება ორიენტირებული და თქვენგან ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს. ეს ნებისმიერი ზომის მარკეტინგული გუნდისთვისაა გამოსადეგი.
მუდმივი მარკეტინგი საშუალებას გაძლევთ, მოიპოვოთ მუდმივი მუხტი და ცნობადობა ბაზარზე, განსხვავებით კამპანიებისა, რომლებსაც გარკვეული დროის განმავლობაში მართავთ.
რატომაა მუდმივი მარკეტინგი ბრენდებისთვის გამოწვევა?
ისევე, როგორც ყველა მნიშვნელოვანი და ღირებული რამის შექმნის შემთხვევაში, მუდმივი მარკეტინგიც არ არის მარტივი. ბრენდები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. მათ შორის:
მონაცემთა სიმწირე
შესაძლოა, ეს უკვე ნათელია, თუმცა მუდმივი მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებისთვის, მონაცემები აუცილებლად დაგჭირდებათ. ავტომატიზაციაც ხომ სწორედ მონაცემებზე დგას.
მაქსიმალურად რელევანტური მარკეტინგული მასალების შესაქმნელად, აუცილებლად დაგჭირდებათ თქვენი აუდიტორიის გაცნობა - ამას კი მონაცემების გარეშე ვერ შეძლებთ. მათ გარეშე კი თქვენი რელევანტურობაც კარგავს ხარისხს.
გარდა ამისა, მონაცემები თქვენი სამუშაოს შეფასებისა და ტესტირებისთვისაცაა საჭირო, რაც მუდმივი მარკეტინგის არსებითად მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ამ ყველაფრის გარეშე, მთელს თქვენს ძალისხმევას უბრალოდ წყალში გადაყრით, მხოლოდ იმედი და არაეფექტურად დაგეგმილი სტრატეგიული სვლები დაგრჩებათ.
კონტენტის სიმწირე
როდესაც აუდიტორიასთან ხშირად გიწევთ კომუნიკაცია, კონტენტიც უხვად გჭირდებათ. ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც კომპანიის წარმომადგენლები ხშირად დგებიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გუნდი მცირეა და მათ ერთდროულად, რამდენიმე მარკეტინგული არხის მართვა უწევთ.
მანამ, სანამ მუდმივი მარკეტინგის სტრატეგიაზე გადასვლას გადაწყვეტთ, აუცილებლად შეაფასეთ კომპანიის შიგნით არსებული პერსონალის უნარები და რესურსები. საჭიროების შემთხვევაში, გუნდის ახალი წევრების ან აუთსორს სპეციალისტების დაქირავებასაც ნუ მოერიდებით. ეს დამატებითი კონტენტის შესაქმნელად აუცილებლად დაგჭირდებათ.
ინფრასტრუქტურის სიმწირე
თუ სისტემები ერთმანეთთან ვერ ამყარებენ კომუნიკაციას, შესაძლოა, მონაცემები გაიბნეს და დაიკარგოს.
სამწუხაროდ, ვერაფერი დაგეხმარებათ, თუ თქვენი ინფრასტრუქტურა და სისტემები საკმარისად ძლიერი და მყარი არ არის, არსებულ მონაცემებს ვერ უმკლავდება (ვერ ახერხებს შეგროვებას) ან ვერ ავრცელებს მათ სწრაფად და ეფექტურად თქვენს ორგანიზაციებს შორის.
იდეალურ შემთხვევაში, პროგრამული უზრუნველყოფა უნდა ითვისებდეს მომხმარებელთა ქცევას ინდივიდუალურ დონეზე და შეგროვებულ ინფორმაციას რელევანტურ სისტემას აწვდიდეს - იქნება ეს მომხმარებელთა მხარდაჭერა, გაყიდვები თუ მარკეტინგი.
რჩევები მუდმივ მარკეტინგში წარმატებისთვის
-
დაიწყეთ მცირედით
რომი ერთ დღეში არ აშენებულა და არც თქვენი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაა გამონაკლისი.
დაიწყეთ თქვენი მომხმარებლების მცირე დეტალებსა და გამოცდილებაზე ორიენტირებით. იმ გამოცდილებაზე, რომელიც მათ თქვენს ბრენდთან აკავშირებს ყოველდღიურად და დაფიქრდით, როგორ შეძლებთ ამ ყველაფრის გაზრდასა და განვითარებას.
შექმენით მცირე სტრატეგიები, რომელთა მორგებას მომხმარებელთა სეგმენტებზე მოახერხებთ. ეს საუკეთესო საშუალება იქნება მუდმივი მარკეტინგული სტრატეგიის დასანერგად და ახალი მონაცემების გამოსაყენებლად.
გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა ტესტირების, შეფასებისა და სხვადასხვა მეთოდების დასანერგად და დააკვირდით, რა მუშაობს ყველაზე უკეთ თქვენი მომხმარებლებისთვის.
-
დაფიქრდით, სად შეგიძლიათ კავშირების გამყარება
თქვენი მარკეტინგული გეგმის არცერთი ნაწილი უნდა დარჩეს უყურადღებოდ. იფიქრეთ იმაზე, თუ სად შეგიძლიათ თქვენი პლატფორმების გავრცელება და კავშირების გამყარება.
ბრენდის მესიჯები თანმიმდევრული უნდა იყოს, თუმცა არაფერი გაკავებთ, რომ თქვენი მესიჯი და არსებული მონაცემები სხვა პლატფორმაზე ან სხვა არხში მოსინჯოთ და დააკვირდეთ მომხმარებელთა გამოცდილებას.
მაგალითად, არსებობს რაიმე გზა, რომ თქვენი მომხმარებლის მობილური შოპინგის გამოცდილება იმეილ მარკეტინგს დაუკავშიროთ? ასეთი გზები შესაძლოა, ბევრი აღმოაჩინოთ. გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული მონაცემები კრეატიული გზების საპოვნელად.
-
ორიენტირდით გრძელვადიან წარმატებაზე
თითოეული მომხმარებელი უნიკალურია - ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მათგანს განსხვავებული მოლოდინები ექნება თქვენი ბრენდისგან. ამიტომ, მათი მოლოდინების დაკმაყოფილებას მუდმივად უნდა ცდილობდეთ და იკვლევდეთ იმ გზებს, რომლებიც მომხმარებლებისთვის რელევანტური და მისაღები იქნება.
დიდი რაოდენობით მონაცემები ყველა ინდუსტრიაში მოითხოვს მუდმივ გატესტვას, კორექტირებას, ოპტიმიზიაციას და შესაბამის მიზანზე მორგებას. ეს არ არის ცალმხრივი გზა. მიმოიხილეთ მომხმარებელთა ქცევა, შეაგროვეთ მათგან უკუკავშირი რაც შეიძლება ხშირად და შეიტანეთ საჭირო ცვლილებები თქვენს მიდგომებში. ეს გრძელვადიანი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.
შეჯამება
რაც უფრო მეტად ორიენტირდებით მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და მათთან ურთიერთობის გაღრმავებაზე, მით უფრო გაიზრდება მათი ლოიალობაც თქვენი ბრენდის მიმართ.
მართალია, მუდმივი მარკეტინგის სტრატეგია ბრენდებისთვის დიდ გამოწვევასთანაა დაკავშირებული, თუმცა მისგან მიღებული სარგებელიც საკმაოდ დიდია. ეს ცალსახად მომგებიანი ინვესტიციაა.
ასევე დაგაინტერესებს: