რატომ გვჭირდება ბრენდის წარმოჩენა ყველგან და ყოველთვის

ბრენდინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ის, თუ სად ახორციელებთ მას - ამას ყველა შესაძლო ადგილას/სივრცეში უნდა აკეთებდეთ. ბრენდინგი შესანიშნავი საშუალებაა იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესი მომხმარებელთა გულებში და გონებაში მუდმივად ტრიალებდეს. რაც უფრო ეფექტურად მოახერხებთ ბრენდის წარმოჩენას მომხმარებელთა თვალში - საჭირო დროს და საჭირო ადგილას, მით უფრო მეტად დაუკავშირდებიან ისინი თქვენს ბრენდს, მით უფრო ლოიალურები გახდებიან და მით უფრო მტკიცე ურთიერთობაც ჩამოუყალიბდებათ.
ეს ყველაფერი გასაგებია, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს ის ფაქტი, რომ ბრენდინგი ჩვენი ლოგოს ყველა შესაძლო ადგილას გამოჩენით არ შემოიფარგლება, რომ ის გაცილებით კომპლექსურ და თანმიმდევრულ მიდგომას საჭიროებს. ბრენდინგი არ არის ერთფეროვანი და არც რომელიმე ერთი არხით შემოისაზღვრება. ის არის იმ ყველაფრის ერთობლიობა, რაც თქვენი ბრენდის ისტორიას/ამბავს გადმოსცემს.
ეფექტური ბრენდინგი თავის მხრივ, ბრენდის ისტორიის არსებობას გულისხმობს. ბრენდის ესთეტიკური ელემენტების გამოყენება კი, იმ ნარატივის მხოლოდ მცირედი ნაწილია, რომელიც ბრენდის ღირებულებების და ფასეულობების შესახებ საუბრობს.
ბრენდის ისტორიის მნიშვნელობის შესახებ არაერთი სტატია და ბლოგი დაწერილა და ძალიან კარგი იქნება, თუ რაც შეიძლება მეტ მათგანს გაეცნობით - ბუნებრივი და რელევანტური ისტორიის ქონა ბრენდინგის საფუძველია, თუმცა ამის გარდა უდიდეს როლს თამაშობს ამბის თხრობა, გადმოცემის ნაწილი. მასში არ მოიაზრება ორი მედია არხის ერთმანეთთან შედარება, ეს მეტწილად ბრენდის ამბის გავრცელებას ყველა შესაძლო არხში, აუდიტორიასთან ყველა შესაძლო ინტერაქციაში გულისხმობს.
ბრენდის ისტორია და ხელწერა ყველა მოქმედებაში უნდა ისახებოდეს
ბრენდი საკუთარ ხელწერას კომუნიკაციის ყველა შესაძლო არხში უნდა ავრცელებდეს, ყველა ქცევასა და ინტერაქციაში, რადგან სწორედ ამგვარად იქმნება თანმიმდევრული და უნიკალური რამ, რაც ადამიანებს თქვენკენ იზიდავს - ეს უნდა ჩანდეს საიტზე, გაყიდვების ზარის განხორციელებისას, ყოველწლიურ შეჯამებაში, რეკლამირებაში, თანამშრომელთა კომუნიკაციაში, სოციალურ მედია ქსელებში და იმაშიც კი, თუ როგორ პასუხობს ოპერატორი მომხმარებელს. ბრენდის ისტორიის ასაგებად უამრავი შესაძლებლობა არსებობს, არაფერია უმნიშვნელოვო და ეს კარგად უნდა დაიმახსოვროთ.
ეფექტურ ბრენდინგს შეგვიძლია ისე შევხედოთ, როგორც Chuck Close-ის მხატვრულ ნამუშევრებს. ის ხატავდა ცალკეული, მცირე აბსტრაქტული ფიგურების სერიებს, სადაც თითოეული მათგანი განცალკევებული იყო, თუმცა საბოლოო ერთობლიობას მაინც ქმნიდა. თუ ამ ნახატს შორიდან დააკვირდებით დაინახავთ, რომ თითოეული მათგანი, ცალკეულ კომპონენტებად საერთო სურათს ქმნის!
ეფექტური ბრენდინგი თანმიმდევრულია
იმისათვის, რომ ამბის თხრობაში და ბრენდინგში წარმატებას მიაღწიოთ, საჭიროა გესმოდეთ, რომ ბრენდის თითოეული კომუნიკაციისა და ინტერაქციის ელემენტს საკუთარი დანიშნულება, საკუთარი მისია აქვს. თანმიმდევრულობა ამ ყველა დეტალს, ყველა ნაწილს ბრენდის ქვეშ აერთიანებს და აუდიტორიას კონკრეტული გზისკენ მიუძღვება. არ არსებობს რაიმე ალტერნატიული გზები. თანმიმდევრულობის წყალობით ნებისმიერ ძალისხმევას, ნებისმიერი ოდენობის თანხას, რასაც ბიზნესის განვითარებას ახმართ, უფრო მეტი შედეგის მოტანა შეუძლია.
სამწუხაროდ, ბევრი ბრენდი ამას არ აკეთებს. ისინი საკმაო ძალისხმევას და ბიუჯეტს უთმობენ ბრენდინგის განვითარებას, თუმცა შემდეგ მას მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში იყენებენ და ბევრ შესაძლებლობას უკან იტოვებენ. მსგავსი ბრენდები საკუთარი აზროვნების არეალს ავიწროვებენ - ირჩევენ რჩეულ არხებს და მასზე ფოკუსირდებიან. ისინი აიგნორებენ ისეთ შესაძლებლობებს, რომლებიც არ არის განსაცვიფრებელი და სახალისო. მაქსიმალურად ეცადეთ, ეს მახე თავიდან აირიდოთ.
ამბის თხრობა მრავლისმომცველი უნდა იყოს
ბრენდის ისტორიის და მისი ხელწერის გამოყენება ყველა შესაძლო ინტერაქციის დროს, რასაკვირველია კრეატიულობას, შრომას და ლიდერობასაც მოითხოვს. ამისათვის დისციპლინა და შემართებაა საჭირო. ბრენდი მხოლოდ გამოჩენილ შესაძლებლობებს არ უნდა იყენებდეს, არამედ მათ უნდა ქმნიდეს კიდეც.
ძლევამოსილი ბრენდები მხოლოდ აშკარა შესაძლებლობებს არ უთმობენ საკუთარ დროს, როგორიცაა რეკლამირება, სოციალური მედია და ვებ-გვერდი. ისინი ნაკლებად გავრცელებულ მეთოდებსაც მიმართავენ, მაგალითად ხელწერა მეილში, ყოველწლიური რეპორტი, პრეზენტაციის სლაიდები, თანამშრომელთა კომუნიკაცია და სხვა. ისეთი ბრენდებიც არსებობენ, რომლებიც ჩეკებზეც კი ავრცელებენ საკუთარ ბრენდინგს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძლიერი ბრენდები როგორც გარე, ასევე შიდა შესაძლებლობებსაც ითვისებენ. ეს კი განპირობებულია იმით, რომ მათთვის აუდიტორია არ არის მხოლოდ საბოლოო მომხმარებელი, არამედ ის გაცილებით მეტია. გარდა ამისა, მათთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია თითოეული დასაქმებული, დაინტერესებული მხარე და აქციონერი. მათ ესმით, რომ ეფექტური ბრენდინგი ყველგან და ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს.
და ბოლოს, რა თქმა უნდა, ბრენდის ქცევა - ეს ისეთივე მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია ბრენდინგისთვის, როგორც კომპანიის ლოგო. იქნება ეს გაყიდვების ინტერაქცია, თუ ბრენდის მხრიდან უარყოფით შეფასებაზე გამოხმაურება - როგორ იქცევა ბრენდი ასეთ შემთხვევებში, განსაზღვრავს რამდენად თანმიმდევრული და მუდმივია ის.
იფიქრეთ ჩარჩოებს მიღმა და შექმენით შესაძლებლობები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამბის თხრობა და ეფექტური, თანმიმდევრული ბრენდინგი კრეატიულობას, ძალისხმევასა და ლიდერობას მოითხოვს. ის საჭიროებს, რომ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება ახლა ბრენდისთვის ეფექტური გზით გამოიყენოთ. ეს არ არის ყოველთვის მარტივი და ამას გარკვეული დროც სჭირდება, სჭირდება საზღვრებს მიღმა ფიქრი („out-of-the-box”), თუმცა თუ თანიმდევრულობას შეინარჩუნებთ, აქამდეც აუცილებლად მიხვალთ.
იდეალური მაგალითი - ტანსაცმლის საკიდი ეტიკეტი. ტანსაცმლისა და მოდის ინდუსტრიაში, ნებისმიერი ნივთი რასაც ბრენდი ყიდის, ეტიკეტს საჭიროებს. ის ხშირად ბრენდის ლოგოს წარმოჩენისთვის გამოიყენება, თუმცა მასზე ხშირად საფასო სტიკერსაც შენიშნავთ. სურვილის შემთხვევაში, მასზე ტექნიკური ინფორმაციის დატანაცაა შესაძლებელი. შესაძლოა, საკმაოდ წვრილმან დეტალად მოგეჩვენოთ, თუმცა ამ ინდუსტრიაში ის საკმაოდ მნიშვნელოვანია და მცირედ კრეატიულობასაც კი, დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.
რატომ არ უნდა იყენებდეს ბრენდი მას საკუთარი ხელწერის გასავრცელებლად? შესაძლოა იფიქროთ, რომ ეტიკეტებს მაინც არავინ აქცევს ყურადღებას და არც კითხულობს, რა საჭიროა მისთვის დროის დათმობა? იქნებ ეს იმიტომ ხდება, რომ მასზე არაფერია საინტერესო?
ერთ-ერთი მცირე სტარტაპი ტანსაცმლის ინდუსტრიაში საკმაოდ ძლიერ ბრენდინგს იყენებს და მის ამბავსაც ეფექტურად გადმოსცემს. მათი ისტორია და მიზანი ადამიანების გაძლიერება, მათთვის მოტივაციის მიცემაა. ისინი ტანსაცმლის ეტიკეტს აღიქვამენ როგორც უფრო მეტს, ვიდრე ლოგოს წარმოსაჩენ ადგილს. მათ ეტიკეტი მომხმარებელთა შთაგონებისთვის, მათთვის მოტივაციის ამაღლებისთვის გამოიყენეს, ისე, როგორც ამას ბრენდი პირდებოდა აუდიტორიას. თითოეულ მათგანზე სამოტივაციო წარწერები ან ილუსტრაციები იყო, რომლის მოხნსა და საკუთარი თავისთვის ყოველდღიურად შეხსენება იყო შესაძლებელი. ეს ბრენდისთვის იდეალური გზა იყო საკუთარი ფასეულობების დასაცავად და ადამიანების დასახმარებლად.
მაგალითად, Adidas-ის მაღაზიაში ტანსაცმლის ეტიკეტებზე ძირითადად ლოგოა გამოსახული და არაფერი ამის გარდა. ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ადიდასს საკუთარი ბრენდინგისთვის და ამბის გადმოცემისთვის ეტიკეტი არ სჭირდება, რომ მას უფრო ფართო მედია არხებიც აქვს ამისთვის, თუმცა რატომ? ამას ხომ დიდი ძალისხმევა და შრომა არ სჭირდება? პირიქით, ასეთი ბრენდები უფრო მეტად უნდა ზრუნვადნენ ბრენდინგზე და სხვებსაც აძლევდნენ მაგალითს.
თუ ბრენდინგით მაქსიმალური შედეგების მიღწევა გსურთ, მაშინ თქვენი ბრენდი ყველა შესაძლო არხში უნდა გაავრცელოთ და ყველა შესაძლო მოქმედებაში ასახოთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
გაყიდვების 5 არხი ელექტრონული კომერციისთვის
რატომ ბლოგი? ბლოგის სარგებელი ბიზნესისა და მარკეტინგისთვის
რა სახის კონტენტი უნდა შევქმნათ მომხმარებლის მოზიდვის სხვადასხვა საფეხურებზე ?