როგორ მოვემზადოთ სადღესასწაულო სეზონის გაყიდვებისთვის

ბრენდების დიდი ნაწილი დღეს საცალო ვაჭრობითაა დაკავებული და ბევრი მათგანი გაყიდვების უმეტესობას სწორედ ონლაინ არხებიდან აგენერირებს. ეს ყველაფერი მომხმარებელთა მოთხოვნილებების და საჭიროებების ცვლილებამაც გამოიწვია - მათთვის განსაკუთრებით კომფორტული გახდა ონლაინ შოპინგი, რადგან ის ყოველდღიურ ცხოვრებას გვიმარტივებს.
ეს არ გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს აღარ სურთ მაღაზიებში სიარული, უბრალოდ ელექტრონული კომერცია საშუალებას გვაძლევს, ისეთი მოქმედებები ავირიდოთ თავიდან, რაც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს.
მაგალითისთვის, წარმოიდგინეთ შედარებითი შოპინგი. თუ აქამდე მაღაზიაში მიხვიდოდით და რაიმე პროდუქტი დაგაინტერესებდათ, დარწმუნებით ვერ იტყოდით, რომ მას ამ მაღაზიაში საუკეთესო ფასად ყიდულობდით. ახლა კი ყველაფერი გაცილებით მარტივია - შეგიძლიათ, რამდენიმე წამში მოძებნოთ, რომელ კომპანიას აქვს ესა თუ ის პროდუქტი საუკეთესო ფასად, თანაც ეს ყველაფერი თქვენი კომფორტის ზონიდან, სასურველი მოწყობილობიდან, გაყიდვების წარმომადგენლების გარეშე. არც მაღაზიის გახსნისთვის გიწევთ მოცდა, შეგიძლიათ პროდუქტი ღამითაც შეიძინოთ და ის მომდევნო დღის განმავლობაში მიიღოთ.
როგორც იცით, სადღესასწაულო სეზონი უკვე ახლოვდება და დიდი ალბათობით, პანდემიის გამო პროდუქტების მიწოდება მცირედით მაინც იქნება შეფერხებული. რას ნიშნავს ეს ბრენდებისთვის? იმას, რომ სადღესასწაულო შოპინგზე საუბარი და მისთვის მომზადება ახლავე უნდა დაიწყოთ.
-
შეავსეთ მარაგები
დაიწყეთ საჭირო პროდუქტების მომარაგება ახლავე. დიდი შანსია, რომ სხვადასხვა პროდუქტები მსხვილი რაოდენობით არ იყოს ხელმისაწვდომი ან შესაძლოა იყოს, თუმცა მათი დროულად მიღება ვერ მოახერხოთ.
დაიწყეთ სადღესასწაულო გეგმაზე ზრუნვა ადრეულ ეტაპებზე. რაც უფრო სწრაფად მოაგვარებთ საოპერაციო საკითხებს, მით უკეთესი. ამგვარად, პროდუქტებიც მზად გექნებათ და მომხმარებლებისთვის მათ მიწოდებასაც შეუფერხებლად მოახერხებთ.
-
შეიმუშავეთ ელექტრონული კომერციის სტრატეგია
ბრენდები, რომლებსაც არ გააჩნიათ ელექტრონული კომერციის ძლიერი სტრატეგია, ბევრ შანსს უშვებენ ხელიდან. ყველაზე წარმატებული მოვაჭრეები არიან ისინი, ვისაც კარგად ესმის ციფრული არხების შესაძლებლობები და ეფექტურად აქვს ათვისებული ონლაინ შოპინგის გამოცდილება. არის თქვენი კონტენტი ოპტიმიზებული ყველა ხელსაწყოსთვის? არის ის მოძებნადი? რეიტინგული? ქმნით ვიდეოებს და სხვადასხვა კრეატიულ პროექტებს მომხმარებელთა მოსაზიდად? შეუძლია მომხმარებელს ნებისმიერი მოწყობილობიდან შეიძინოს თქვენი პროდუქცია?
თუ სტრატეგიის შემუშავება თავად გიჭირთ, ან არ გაქვთ საკმარისი კომპეტენცია, მაშინ დაიქირავეთ ექსპერტი და მას მიანდეთ ეს საკითხი. ელექტრონული კომერციის მიმართულებით არაერთი პლატფორმა არსებობს, რომელიც ამ ყველაფერში დაგეხმარებათ.
-
განსაზღვრეთ თქვენი შეთავაზებები
დაფიქრდით, რომელი პროდუქტების შეთავაზება გსურთ მომხმარებლისთვის, დაადგინეთ მათი ფასები და დაიწყეთ სპეციალური შეთავაზებების რეკლამირება ადრეულად. თქვენს საიტზე განათავსებთ საშოპინგო რჩევებსა და ანონსებს, მეილების სახით გაგზავნით, თუ ბეჭდური მედიით, ეცადეთ, თქვენი შეთავაზებები მაქსიმალურად ეფექტურად მიაწვდინოთ მომხმარებელს.
-
გაზარდეთ სტიმული ადრეული შოპინგისთვის
საკმაოდ ბევრი ბრენდი მომხმარებელს სპეციალური პროდუქტების შეძენის საშუალებას ადრეულ ეტაპებზე აძლევს, მაგალითად აგვისტოში ან ივლისში. მომხმარებელს კი ამ პროდუქტის დაბრუნება იანვრამდე შეუძლია. უმეტეს შემთხვევაში, დაბრუნების პერიოდი ასეთი დიდი არ არის და ის ძირითადად 30 დღით შემოიფარგლება, თუმცა დასაბრუნებელი პერიოდის გახანგრძლივება შესაძლოა, მომხმარებლისთვის დამატებით სტიმულად იქცეს, რომ სადღესასწაულოდ რაიმე პროდუქტი შეიძინოს.
-
დარწმუნდით, რომ ხარისხიან კონტენტს აწარმოებთ
ონლაინ სივრცეში მომხმარებლისთვის პროდუქტი არ არის ხელშესახები, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება ის, თუ რას კითხულობენ და რა იპყრობს მათ ყურადღებას. დარწმუნდით, რომ პროდუქტის აღწერილობაში უფრო მეტი დევს, ვიდრე უბრალოდ სიტყვები, რომ ვიზუალები მაღალხარისხიანი და მიმზიდველია. რატომ უნდა იყიდოს მომხმარებელმა კონკრეტული პროდუქტი? შექმენით რაიმე ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია მომხმარებელს მისი გამოყენება და უპასუხეთ მათ პოტენციურ შეკითხვებს.
მაგალითად, ტანსაცმლის ონლაინ შეძენისას ჩვენ ძირითადად ზომებს, მატერიას და ფერებს ვაკვირდებით. გამართული და ზუსტია ეს მახასიათებლები? სად იქნება ამ სამოსის ჩაცმა ყველაზე შესაფერისი? გაქვთ რაიმე რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რასთან შეიძლება მისი შეხამება? რაც უფრო გამოსადეგ ინფორმაციას აწვდით მომხმარებელს, მით უფრო მეტი თავდაჯერებით შეიძენს ის პროდუქტს. დამატებით დარწმუნდით, რომ პროდუქტის აღწერილობაში შესაფერისი საკვანძო სიტყვებიც არის შეტანილი. ისეთი ქივორდები, რომლებიც ტრაფიკის მოზიდვაში და საძიებო სისტემებში რეიტინგის ამაღლებაში დაგეხმარებათ.
-
მოახდინეთ რეკლამების ოპტიმიზაცია
ონლაინ კომერციის მფლობელებს წვდომა აქვთ შესაბამის ანალიტიკურ მონაცემებზეც, სადაც მათ შეუძლიათ, მომხმარებელთა ქცევას დააკვირდნენ. აუცილებლად გამოიყენეთ არსებული ინფორმაცია და მის მიხედვით შექმენით თქვენი რეკლამები თუ შეთავაზებები. მომხმარებელთა მონაცემების გათვალისწინებით თქვენ გაცილებით სპეციფიკური და სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული კამპანიების შექმნას შეძლებთ. ასეთი მეთოდების გამოყენება ფიზიკურ მაღაზიაში ფაქტობრივად შეუძლებელია. ცხადია, პროდუქტის განთავსების სხვადასხვა ვარიანტები შეგიძლიათ მოსინჯოთ, თუმცა ეს ონლაინთან შედარებით, დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. მოსინჯეთ სხვადასხვა მეთოდები, მიმართეთ ექსპერიმენტებს და მაქსიმალურად მოარგეთ ონლაინ გამოცდილება თქვენს მომხმარებელს.
შეჯამება
დღეს დანახული ონლაინ შოპინგის პოპულარობის ზრდა დროებითი ნამდვილად არ არის. ის სულ უფრო და უფრო ვითარდება და ვრცელდება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობებში, ვისთვისაც ონლაინ შოპინგი უკვე პირველ ნორმად არის ქცეული.
როდესაც საქმე სადღესასწაულო ონლაინ შოპინგს ეხება, განსაკუთრებით კი წელს, აუცილებელია, ის რაც შეიძლება მალე გახადოთ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი. საუკეთესო ბრენდები წელს იქნებიან ყველაზე ორგანიზებულები, ყველაზე პროაქტიულები - ბრენდები, რომლებმაც იციან, როგორ შესთავაზონ პროდუქტი საკუთარ მომხმარებელს და უბიძგონ მათ ადრეული შესყიდვისკენ.
ასევე დაგაინტერესებთ: