media-4

5 გზა ბრენდის ლოიალობის ასამაღლებლად

  • 22 ოქტ 2021
  • ციფრული მარკეტინგი
5 გზა ბრენდის ლოიალობის ასამაღლებლად

ბრენდისთვის საჭიროა, მუდმივად იზიდავდეს გაყიდვებს, ახალ მომხმარებლებს და ზრდიდეს საკუთარ შემოსავლებს. ამის მისაღწევად ორი გზა არსებობს: ახალი მომხმარებლების მოზიდვა და არსებული მომხმარებლების შენარჩუნება.

მეორე ვარიანტი გაცილებით მარტივი და რენტაბელურია, რადგან ახალი მომხმარებლის მოზიდვა ბიზნესისთვის უფრო მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული. არსებული მომხმარებლები უკვე კარგად იცნობენ თქვენს ბრენდს, აქვთ პროდუქტის მოხმარების გამოცდილება, შესაბამისად მათზე მარკეტინგული კამპანიების მორგებაც უფრო მარტივია და შესაძლებელია, რომ მათ ეფექტურად მიწვდეთ სოციალური მედიისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

ისინი ყოველთვის უფრო მეტად გამოეხმაურებიან თქვენს შეთავაზებებს და დიდი ალბათობით, განმეორებით შესყიდვებსაც განახორციელებენ. ეს ყველა ინდუსტრიისთვისაა დამახასიათებელი. მაგალითად, მოვიშველიოთ ფეხსაცმლის ინდუსტრია - Nike, რომლის ლოიალური მომხმარებლები არც კი იფიქრებენ სხვა ბრენდის პროდუქტის შეძენას.

იგივე პრინციპი ვრცელდება ავტომობილების, ტანსაცმლის, სილამაზისა და ჯანდაცვის ბრენდებზეც კი. ლოიალურ მომხმარებელთა ბაზას ბიზნესისა და ბრენდის უფრო მაღალ საფეხურებზე აყვანა შეუძლია. ლოიალური მომხმარებლების შესაძენად ხუთი მარტივი მეთოდი არსებობს.

  1. შექმენით ონლაინ სოციუმი (Community)

ონლაინ სივრცეში მომხმარებელთა გაერთიანებას, მათი ურთიერთობის წახალისებას და ბრენდთან კომუნიკაციის შესაძლებლობას შეუძლია ლოიალობა მეტად გაზარდოს. გარდა ამისა, დღევანდელი ონლაინ შესყიდვების პირობებში, ასეთი ინტერაქტიული სოციუმის შექმნა შესაძლოა, შესყიდვის წინაბირობაც მარტივად გახდეს.

გამოიყენეთ თქვენ გარშემო შემოკრებილი სოციუმი აზრების გასაზიარებლად, მათთვის სიახლეების გასაცნობად, ახალი პროდუქტების შესათავაზებლად. შეგიძლიათ, ასეთი სივრცე თქვენს საიტთანაც დააკავშიროთ და მასზე წვდომა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს მისცეთ, ან შექმნათ ის ცალკეულ პლატფორმაზე, მაგალითად ფეისბუქზე - დახურული ჯგუფის სახით.

თქვენი სოციუმის ზრდასთან ერთად, გაიზრდება ბრენდის გავლენაც. ეცადეთ, რაიმე სპეციალური ჰეშთეგიც მოიფიქროთ თქვენი წევრებისთვის და დააკვირდით, როგორ გამოიყენებენ ისინი მას სოციალურ მედია ქსელებში. ეს ყველაფერი ორგანული რიჩის (მიღწევადობის) ზრდას შეუწყობს ხელს და ბრენდს უფრო მარტივად აღმოსაჩენს გახდის.

 

  1. შექმენით მაღალი ხარისხის პროდუქტი ან მომსახურება

შესაძლოა, მსოფლიოში უმსხვილესი მარკეტინგული ბიუჯეტი გქონდეთ, გყავდეთ ყველაზე გავლენიანი ინფლუენსერები ან ფლობდეთ ეფექტურად გაწერილ გეგმას, თუმცა თუ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება ხარისხიანი არ არის, ლოიალურ მომხმარებელთა შემოკრება ძალიან გაგიჭირდებათ.

სანამ მომხმარებელს მოსთხოვდეთ ბრენდისადმი და პროდუქტისადმი ლოიალურობას, პირველ რიგში, თავად უნდა ამაყობდეთ და გჯეროდეთ საკუთარი პროდუქტის. წარმატებულმა ბრენდმა იცის საკუთარი მომხმარებლის საჭიროებები, სურვილები და მოლოდინები და ცდილობს, ყოველი მათგანი დააკმაყოფილოს. როდესაც თქვენ ხარისხს ყველაზე წინ დააყენებთ, მომხმარებელს არსად წასვლის სურვილი აღარ გაუჩნდება. შესანიშნავი მომსახურება და პროდუქტი კი ყველა ბრენდის წარმატების საწინდარია.

  1. გააუმჯობესეთ მომხმარებელთა მომსახურება

გსურთ, თქვენი მომხმარებელი ბრენდის ერთგული დარჩეს? მაშინ დარწმუნდით, რომ თქვენთან ურთიერთობა მათთვის სასიამოვნო გამოცდილებაა და რომ ეს გამოცდილება, პროდუქტის შეძენის შემდგომაც ასე გრძელდება. რასაკვირველია, მომხმარებელთა მომსახურება ხარჯებთანაა დაკავშირებული - 24/7 ონლინ მხარდაჭერის მიწოდება, სოციალური მედია მენეჯერები, რომლებიც კომუნიკაციას ამყარებენ მომხმარებლებთან, სატელეფონო ოპერატორები და სხვა.

თუმცა, როდესაც სანდო და გამართულ მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ამას პოზიტიური გავლენა აუცილებლად ექნება ლოიალურ მომხმარებელთა შემოკრებაზე. გქონიათ ოდესმე ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთი ოპერატორიდან მეორე ოპერატორამდე გამისამართებენ, მაგრამ თქვენს პრობლემას მაინც ვერ აგვარებენ? დაგვეთანხმებით, რომ ეს იმედგაცრუებაა, რომელიც ბრენდთან კომუნიკაციის გაგრძელების სურვლის გვიკარგავს.

ჩადეთ ინვესტიცია მომხმარებელთა ხარისხიან მომსახურებაში და დააკვირდით, როგორ გაზრდის ეს თქვენს შემოსავლებს პერიოდულად. ნებისმიერ ბრენდს, რომელიც თამაშში დიდ ხანს აპირებს დარჩენას, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება უპირობოდ სჭირდება.

  1. იყავით გამჭირვალე და უშუალო სოციალურ მედიაში

მომხმარებლები ბუნებრივად ხდებიან ისეთი ბრენდის ერთგულები, რომლებიც საკუთარ რეალურ სახეს ინარჩუნებენ სოციალურ მედიაშიც. ბრენდების, რომლებიც გამოხატავენ ემოციებს და ბრენდის ლოგოს მიღმა მომხმარებელს საკუთარ ჰუმანურ მხარესაც აჩვენებენ. სოციალური მედია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ ბრენდის მეორე მხარე, რეკლამირების მიღმა დაინახოს.

გამოიყენეთ სოციალური მედია კითხვა-პასუხის პანელებისა და ლაივ ვიდეოების გასამართად. მოიწვიეთ კომპანიის სხვადასხვა წარმომადგენლები თუ დასაქმებულები. აჩვენეთ თქვენს გამომწერებს, რა ხდება კულისებს მიღმა, თქვენს ოფისებში, საწყობში თუ სხვა შესაბამის სივრცეებში.

რაც უფრო „ნამდვილია“ თქვენი ბრენდი სოციალურ მედიაში, მით უფრო ძლიერია კავშირი მომხმარებელთან და მით უფრო მაღალია ბრენდის მიმართ ლოიალობა. როდესაც მომხმარებლისთვის ბრენდი მხოლოდ გაყიდვასთან არ ასოცირდება, ის ცდილობს, ურთიერთობა კიდევ უფრო გააღრმავოს და საჭიროების შემთხვევაში, ბრენდის მხარდამჭერიც გახდეს. 

  1. დანერგეთ მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამა

გსურთ მეტი ლოიალური მომხმარებლის მოზიდვა? დააჯილდოვეთ მათი ლოიალობა შესაფერისი პროგრამის ფარგლებში. ეს შეიძლება იყოს ქულების სისტემა, რომელსაც მომხმარებელი დაგროვების შემდეგ თქვენს მაღაზიაში გამოიყენებს. ეს შეიძლება იყოს რაიმე ფასდაკლება, ან უფასო პროდუქტები. ბევრი ბიზნესი ამას თავს არიდებს, რადგან მსგავს პროგრამებში ისინი დიდ ხარჯებს ხედავენ. ცხადია, მას თავისი ხარჯებიც ახლავს, თუმცა ისინი გაცილებით ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც ბიზნესს ახალი მომხმარებლის მოსაზიდად უნდა დაეხარჯა.

არაერთი პლატფორმა არსებობს, რომელიც თქვენს ბრენდზე მორგებული ლოიალური პროგრამის შექმნაში დაგეხმარებათ. ისინი განსაკუთრებით გამოსადეგია ისეთი ბრენდებისთვის, რომლებსაც პრემიალური პროდუქტი გააჩნიათ. ლოიალურ პროგრამაში ჩართული მომხმარებლებისთვის მცირედი შეღავათის შეთავაზებას გაყიდვების წახალისება საგრძნობლად შეუძლია, რადგან მომხმარებელს შეეძლება, ფასდაკლების გამო თქვენი პროდუქტი შედარებით დაბალფასიან პროდუქტს ამჯობინოს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გავზარდოთ გაყიდვები სოციალური მედიის დახმარებით

სოციალური მედია მარკეტინგის ახალი ტრენდები 2021 წლისთვის

მომხმარებლის შენარჩუნების 10 საზომი