3 მარკეტინგული სტრატეგია ვებ-გვერდზე კონვერსიების გასაზრდელად

უკვე შექმენით ახალი, დახვეწილი და სრულად ოპტიმიზებული ვებ-გვერდი?
რა არის შემდეგი? საიდან მიიღებთ სასურველ ტრაფიკს? როგორ შეინარჩუნებთ ვიზიტორებს? როგორ გარდაქმნით მათ მომხმარებლებად? იმისათვის, რომ საიტი მომგებიან მარკეტინგულ არხად აქციოთ, საჭიროა, შესაბამისი ეფექტური და მდგრადი მარკეტინგული ტაქტიკებიც შეიმუშაოთ.
-
რეთარგეთირება
იმისათვის, რომ მომხმარებელმა თქვენი ბრენდის დამახსოვრება შეძლოს, მას საშუალოდ 5-7-ჯერ სჭირდება მისი ნახვა, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩართულობაზე ან რაიმეს ყიდვაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საიტზე დიდი რაოდენობით ტრაფიკი შეიძლება შედარებით მარტივად მოიზიდოთ, მაგრამ თუ ამ ვიზიტორთა ხელმეორედ შემოსვლის მაჩვენებელი დაბალია, კონვერსიების მიღებაც საეჭვო ხდება. შესაბამისად, კონვერსიების გასაზრდელად ხარისხიანი ტრაფიკის მოზიდვა გჭირდებათ და ამასთან ერთად, მისი შენარჩუნებაც. როგორ? - რეთარგეთირების მეშვეობით.
რეთარგეთირება იმ მომხმარებლისთვის რეკლამების წარდგენას გულისხმობს, რომლებიც ეწვივნენ თქვენს ვებ-გვერდს. მისი იდეა მომხმარებლისთვის ბრენდის ხშირად ჩვენება და ამგვარად, მისი დამახსოვრებისკენ ბიძგის მიცემაა, რათა მომხმარებელს საიტზე დაბრუნების და კონკრეტული პროდუქტის შეძენის სურვილი გაუჩნდეს. რეალურად, რეთარგეთირების რეკლამებს ათჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს ლინკზე გადასვლისთვის, ვიდრე რეგულარულ დისფლეი რეკლამებს. გარდა ამისა, მისი დანერგვა საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომია.
-
იმეილ მარკეტინგი
არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად მოხიბლულია მომხმარებელი თქვენი შეთავაზებით, საიტის მნახველები ინტერესს ადვილად დაკარგავენ, თუ ბრენდთან გრძელვადიანი შეხება არ ჰქონდათ. ეს მოიცავს როგორც პოტენციურ მომხმარებლებს, ასევე გრძელვადიან არსებულ მომხმარებლებსაც. აუდიტორიის ჩართულობის ასამაღლებლად და მეილების შესაგროვებლად მიეცით მათ გარკვეული სტიმული. ეს ნამდვილად გამოგადგებათ, რადგან იმეილ მარკეტინგი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და რენტაბელური არხია მომხმარებლებთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად და მათი ლოიალობის ასამაღლებლად.
ყოველკვირეულად სიახლეების მეილის სახით გაგზავნა სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მომხმარებელს მუდამ ახსოვდეთ. გარდა ამისა, ავტომატიზებული იმეილ პროგრამები გაცილებით დიდ შედეგებს მოგიტანთ და დროისა და ძალისხმევის დაზოგვაშიც დაგეხმარებათ. იმეილ მარკეტინგის საინვესტიციო უკუგება მარკეტინგული არხებიდან ყველაზე მაღალია - მასში ჩადებული თითოეული დოლარიდან კომპანიას $36-ის გენერირებაც შეუძლია.
აუდიტორიის მოცულობისა და ავტომატიზაციის მოთხოვნების მიხედვით, იმეილ მარკეტინგის მართვა საკმაოდ ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს. მცირე ბაზებისთვის და მარტივი კამპანიებისთვის MailChimp-ის უფასო ვერსიაც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს. უფრო დახვეწილი პლატფორმების საფასური კი, როგორიც არის Klaviyo, შესაძლოა $100-მდეც გაიზარდოს. რომელი პლატფორმაც არ უნდა შეარჩიოთ, გახსოვდეთ: თანმიმდევრულობა უმნიშვნელოვანესია. საჭიროა, მეილები მომხმარებლებს მუდმივად უგზავნოთ - ამისათვის შეგიძლიათ სპეციალური კალენდარიც შეადგინოთ.
-
კონტენტ მარკეტინგი
ეს სტრატეგია გულისხმობს კონტენტის სხვადასხვა ტიპის გამოყენებას მარკეტინგული მიზნების შესასრულებად. ამ შემთხვევაში, მიზნები შესაძლოა იყოს ვებ-გვერდის ტრაფიკის გაზრდა, ჩართულობის ან კონვერსიების ამაღლება. მისი ერთ-ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ მისი საშუალებით სამჯერ უფრო მეტი ლიდების გენერირებაა შესაძლებელი, ვიდრე outbound მარკეტინგით - და ამას ის 60%-ით დაბალი დანახარჯებით ახერხებს.
ის რამდენიმე ძირეულ ტაქტიკას მოიცავს, მათ შორის:
SEO (საძიებო სისტემების ოპტიმიზაია) კონტენტი
მსგავსი ტიპის კონტენტი ეხმარება თქვენს საიტს რელევანტური ქივორდებისთვის რეიტინგის მოპოვებაში და ახალი, კვალიფიცური აუდიტორიის მოზიდვაში საძიებო სისტემებიდან. ამის წარმატებით შესრულებისთვის საჭიროა სრულად ოპტიმიზირებული ლენდინგ გვერდი, ინფორმაციულ ქივორდებზე მორგებული ბლოგის მართვა და ა.შ. საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია ვებ-გვერდის მარკეტინგის ყველაზე მდგრადი სტრატეგიაა. საშუალოდ, SEO ოპტიმიზებული საიტის ტრაფიკის 53% სწორედ ორგანული საძიებო შედეგებიდან მოდის და განსხვავებით ფასიანი რეკლამებისა, რომლებიც მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში ზრდიან ტრაფიკს, SEO-ს მიღებული ტრაფიკის შენარჩუნებაც შეუძლია.
პროდუქტის ან მომსახურების გზამკვლევი
პროდუქტისა და მომსახურების გზამკვლევები ბლოგის ან ვიდეო კონტენტის შექმნას გულისხმობს, საიდანაც მომხმარებელს საშუალება აქვს, უფრო მეტი შეიტყოს ბრენდისა და შეთავაზებების შესახებ. ასეთი ტიპის კონტენტს შეუძლია როგორც პოტენციური, ასევე არსებული მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაც. მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების აღწერილობითი კონტენტი პოტენციურ მომხმარებლებს ეხმარება ინტერესის გაღვივებაში და შედეგად, განხილვის ეტაპიდან გადაწყვეტის ეტაპზე გადასვლაში. გარდა ამისა, პროდუქტის განხილვის სიღრმისეული ვიდეოები არსებულ მომხმარებელთა კმაყოფილებასაც ამაღლებს, რაც შემდგომ განმეორებად გაყიდვებში აისახება.
დახურული (Gated) კონტენტი
დახურული კონტენტი ჩამოსატვირთი კონტენტის ალტერნატიული ტერმინია და ის მოიაზრებს ელექტრონულ წიგნებს, კომპანიის მიერ შექმნილ შაბლონებს ან ექსკლუზიურ კვლევებს. ისინი რელევანტურ გვერდებზე, ძირითადად pop-up-ების სახით ხვდება მომხმარებელს. მასალის ჩამოსატვირთად მომხმარებელს საკუთარი მეილის, მისამართის ან სხვა საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლა უწევს, რაც შემდგომი კომუნიკაციის საშუალებასაც იძლევა.
საიტზე ხარისხიანი ტრაფიკის მოზიდვა და კონვერსიების გაზრდა გამუდმებულ ძალისხმევასა და ოპტიმიზაციასთანაა დაკავშირებული. რეთარგეთირება, იმეილ და კონტენტ მარკეტინგი ამ პროცესში ყველაზე სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს წარმოადგენენ. შესაბამისად, განსაზღვრეთ მიზნები და გამოყავით ბიუჯეტი ამ მარკეტინგული სტრატეგიებისთვის. დაიწყეთ მცირედით, გამოსცადეთ, შეაფასეთ და შეცვალეთ თქვენი ტაქტიკები რეგულარულად. შედეგების მიღებასთან ერთად კი ეტაპობრივად გაზარდეთ თქვენი ბიუჯეტი.
ასევე დაგაინტერესებთ: