გაყიდვების 5 არხი ელექტრონული კომერციისთვის

ციფრული არხების ზრდის ტენდენციამ მსოფლიოში ელექტრონული კომერციის მნიშვნელობაც საგრძნობლად გაზარდა. შესაბამისად, ბევრი ბიზნესისთვის საკუთარი პროდუქტებისა და კომპანიის არა მარტო გარეკლამება, არამედ ონლაინ გაყიდვაც ხელსაყრელი გახდა. ინტერნეტისა და სმარტფონების მოხმარება იზრდება, ხალხი უფრო მეტად იკვლევს სასურველ ინფორმაციას ონლაინ და იღებს გადაწყვეტილებას ყიდვის შესახებ.
თუ გსურთ, მიმდინარე ტემპს აუწყოთ ფეხი, გაუძლოთ კონკურენციას და განაგრძოთ ბიზნესის განვითარება, მაშინ ელექტრონული კომერცია თქვენს ციფრულ სტრატეგიაში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს. ელექტრონული კომერციის ხელშემწყობი არაერთი არხი არსებობს და სტატიის განმავლობაში, სწორედ მათზე ვისაუბრებთ.
-
კომპანიის ბლოგი
ბლოგის მართვისას კომპანიამ ძალიან ბევრი შეცდომა შეიძლება დაუშვას, მათ შორის არარელევანტური კონტენტის უხვად წარმოება SEO-ს გასაზრდელად. თუმცა, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, ბლოგის მართვა რენტაბელური და მარტივი მეთოდია საიტზე დამატებითი ტრაფიკის მოსაზიდად.
ბლოგის წარმატების მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი სწორედ რელევანტურობაა. თუ ისეთი კონტენტის წარმოებას შეძლებთ, რომელიც დაკავშირებულია აუდიტორიასთან, ემთხვევა მათ საჭიროებებს და პასუხობს მათ კითხვებს, მაშინ ეს თქვენი ბრენდის რეპუტაციას უპირობოდ გაზრდის და ჩამოგაყალიბებთ, როგორც სანდო და ავტორიტეტულ წყაროდ. მიუხედავად იმისა, თუ რა სახის პროდუქტს ან მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს, თავიდან აიცილეთ უხეში, გაყიდვაზე ორიენტირებული მესიჯები. ამ ეტაპამდე მომხმარებელს პერიოდულად ღირებული კონტენტის შეთავაზებითაც მიიყვანთ.
გარდა ამისა, ბლოგის მართვისას ეცადეთ, არ შექმნათ ისეთი კონტენტი, რომელიც თქვენი კომპანიის საქველმოქმედო აქტზე ან რაიმე სიახლეზე იქნება აგებული. კომპანიის შიგნით ეს ინფორმაცია შესაძლოა საინტერესო იყოს, მაგრამ ის პოტენციურ მომხმარებელზე გავლენას ნაკლებად მოახდენს.
ეფექტური იქნება ისეთი ბლოგების შექმნა, რომლებიც მომხმარებელს რაიმეს ასწავლიან. მაგალითად, „როგორ დავწეროთ ბლოგი“, „როგორ მოვუაროთ X მცენარეს“, „როგორ მოვქარგოთ მაისურზე“ და სხვა. ასეთი ტიპის კონტენტი საკმაოდ ინფორმაციულია და ბრენდისადმი თბილი დამოკიდებულების გაღვივებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. ამავდროულად, ეს ბრენდის ან პროდუქტის გარეკლამების საშუალებასაც მოგცემთ. მაგალითად, თუ ყვავილების მაღაზია გაქვთ, შეგიძლიათ ბლოგში „როგორ მოვუაროთ X მცენარეს“ თქვენი პროდუქტიც გალინკოთ.
-
შოპინგის შედარებითი სისტემები
შოპინგის შედარებითი სისტემები შესანიშნავ ხელსაწყოა ელექტრონული კომერციის წასახალისებლად. ეს არის პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა პროდუქტის ინფორმაციებსა და ფასებს აგროვებს და მათ ერთ სივრცეში ათავსებს. ამის იდეალური მაგალითი Google Shopping-ია. პლატფორმაზე მერჩანტები ტვირთავენ საკუთარ პროდუქტებს, რომლებიც გუგლის საძიებო სისტემასთანაა ინტეგრირებული. ეს ნიშნავს, რომ თქვენი პროდუქტი განთავსებული იქნება მსხვილ საძიებო სისტემაში, სადაც უამრავი პოტენციური მომხმარებელი ყოველდღიურად ეძებს პროდუქტს. თანაც, თქვენ მხოლოდ მაშინ იხდით საფასურს, როდესაც მომხმარებელი პროდუქტზე დააკლიკებს და მის გვერდზე გადავა. ანალოგიურ სერვისებს მოიცავს shopping.com და Shopzilla-ც.
თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ასეთ პლატფორმებს შესაბამისი გამოწვევებიც ახასიათებს. შესაძლოა, კონკურენტთან ეფექტური შედარებისთვის პროდუქტის ფასების დაკლებაც მოგიწიოთ. შესაამისად, ასეთ პლატფრომებზე შესაძლოა განსხვავებული პროდუქტები განათავსოთ, რომლებზეც ფასის შემცირება თქვენთვის მტკივნეული არ იქნება.
თითოეული ბიზნესისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ელექტრონული კომერცია აქვს დანერგილი, ვიდეო კონტენტი არსებითად მნიშვნელოვანი და ეფექტური საშუალებაა მომხმარებელთა ჩართულობის და კონვერსიების გასაზრდელად. ეს გასაკვირი სულაც არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დღეს YouTube მსოფლიოში მეორე ყველაზე მსხვილი საძიებო სისტემაა და ის ყოველთვიურად სამ მილიარდ საძიებო შედეგს აფიქსირებს. ეს შესანიშნავი, კრეატიული არხია, რომლის დახმარებითაც პროდუქტების დინამიური დემონსტრაციის ჩვენება შეგიძლიათ.
მათ მონიტორებზე რეალური ფერების სადემონსტრაციოდ, ტექნოლოგიურმა ბრენდმა LG-მ, შექმნა ვიდეო კონტენტი, რომელიც ლიფტში შესულ ადამიანებს აფიქრებინებდა, რომ ლიფტის ძირი ვარდებოდა. ეს ვიდეო არა მარტო პროდუქტის ჩვენების ინოვაციური მეთოდი იყო, არამედ მან 25 მილიონზე მეტი ნახვაც დაიმსახურა მოკლე პერიოდში.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბრენდი თავს იკავებს ბიუჯეტისა და დროის გამოყოფისგან მსგავსი ტიპის კონტენტის შექმნისთვის, ეს გაცილებით მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ვიდეო კონტენტის ბიუჯეტურად შექმნის უამრავი შესაძლებლობა არსებობს.
-
ელექტრონული ფოსტა
როდესაც საქმე ინვესტიციიდან უკუგებას ეხება, იმეილ მარკეტინგი ჯერ კიდევ ყველაზე ეფექტურ არხად ითვლება, ვინაიდან მისი ROI 3800%-საც კი აღწევს - ეს ყოველი დახარჯული $1-დან, $38-ის მიღებას გულისხმობს.
აღნიშნული ფაქტორი გამოწვეულია იქიდან, რომ ძირითადად თქვენი იმეილ მარკეტინგი ისეთი ადამიანებისკენაა მიმართული, რომლებსაც სურთ თქვენთან კომუნიკაცია და თქვენგან ახალი ინფორმაციების მიღება, იქნება ეს პროდუქტის თუ ბრენდის შესახებ. იმეილ მარკეტინგი შესანიშნავი საშუალებაა პერსონალური ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, პერსონალიზებული მესიჯების გასაგაზვნად და შესაბამისად, ლიდების რაოდენობის გასაზრდელად. მეილების მიღება საიტზე სათანადო შეთავაზებების სანაცვლოდ შეგიძლიათ. შეთავაზებების, რომლებსაც მომხმარებლებს წარუდგენთ. მეილის საშუალებით შეგიძლიათ, სამიზნე აუდიტორიას თქვენი ბლოგი ან სტატიაც გაუზიაროთ პროდუქტის შესახებ, დაურთოთ მას სარეკლამო მესიჯი ან ფასდაკლების ვაუჩერი.
-
მობილური
ციფრული სამყაროს მიერ წახალისებული კავშირების გათვალისწინებით, მობილური კომერციის მომხმარება საგრძნობლად იზრდება. ბიზნესის შესახებ ინფორმაციის მობილურით ძიების 78% პროდუქტების შესყიდვით მთავრდება. სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ბიზნესისთვის, რომ მობილური გამოცდილება მომხმარებლის მოგზაურობის ყოველ ნაბიჯზე დახვეწოს.
მობილური ბიზნესებისთვის უსაზღვრო შესაძლებლობას წარმოადგენს. მათი დახმარებით კომპანიებს შეუძლიათ მომხმარებლებს ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს დაუკავშირდნენ და სპეციალური შეთავაზებები, პერსონალიზებული მესიჯები და ფასდაკლებები გაუგზავნონ. ეს კი განსაკუთრებით ეფექტურია ადგილობრივი ბიზნესებისთვის, რომლებიც ამას ადგილმდებარეობის მიხედვით იყენებენ.
იმისათვის, რომ ეს შესაძლებლობა სრულად გამოიყენოთ, აუცილებელია ვებ-გვერდის ოპტიმიზება თითოეული მობილური მოწყობილობისთვის, მათ შორის სმარტფონებისა და ტაბლეტებისთვის. დაფიქრდით, რამდენად მარტივია საკონტაქტო ფორმის შევსება სმარტფონიდან? პროდუქტის ძიება? პროდუქტის შეძენა და ტრანზაქციის განხორციელება?
თუ ამ რომელიმე მოქმედების განხორციელება მომხმარებლისთვის სირთულეს წარმოადგენს, მაშინ თქვენი საიტის გადაწყობა და რედიზაინი აუცილებელი ინვესტიცია იქნება. თქვენ დაგჭირდებათ ისეთი საიტი, რომელიც ავტომატურად იქნება მობილურზე მორგებული.
გარდა ამისა, მოერიდეთ მომხმარებლისთვის რეგისტრაციის გავლას მანამ, სანამ მას პროდუქტის შეძენა არ დასჭირდება და ეცადეთ, მათ რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაციის გაზიარება სთხოვოთ. მობილურით შოპინგისას მიტოვებული კალათის საშუალო მაჩვენებელი 97%-ს შეადგენს, ამიტომ თუ გაყიდვების მაქსიმიზაცია გსურთ, იზრუნეთ დიზაინზე, პროცესების სიმარტივეზე და გადახდის მეთოდების მრავალფეროვნებაზე. თუმცა, ეს ყველა ფაქტორი არაა, რომლის გათვალისწინება და დახვეწაც მოგიწევთ. ეცადეთ, რაც შეიძლება მოქნილი და ადაპტირებადი იყოთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
შეუძლია თუ არა ეფილიეიტ მარკეტინგს გაყიდვების ჩანაცვლება?
როგორ შევქმნათ ხარისხიანი ბლოგი? რჩევები დამწყები ბლოგერებისთვის
როგორ შევქმნათ მეილები, რომლებსაც არ წაშლიან