media-4

როგორ მივაღწიოთ მიზნებს ციფრული კომუნიკაციების სტრატეგიის დახმარებით

  • 30 სექ 2021
  • ბიზნეს ინდუსტრიები
როგორ მივაღწიოთ მიზნებს ციფრული კომუნიკაციების სტრატეგიის დახმარებით

ციფრული კომუნიკაციების სტრატეგიის შედგენა მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიების სამყაროში შესაძლოა რთული ჩანდეს, თუმცა ეს ასე არ არის. პირველი ეტაპი იმის გააზრებაა, რომ თქვენ ის გჭირდებათ.

სტატიის განმავლობაში განვიხილავთ ოთხ ძირითად საფეხურს ეფექტური ციფრული კომუნიკაციის სტრატეგიის შესადგენად.

  1. განსაზღვრეთ თქვენი ბიზნეს ამოცანები

უპირველესად იმის განსაზღვრა მოგიწევთ, თუ რისი მიღწევა გსურთ თქვენი ბიზნესისთვის, რა არის თქვენი მიზანი. ამის მაგალითები შესაძლოა იყოს:

  • ბრენდის ცნობადობის ამაღლება
  • ლიდების გენერაცია
  • დაინტერესებული მხარეებისთვის ღირებულების გაზრდა
  • გაყიდვების ზრდა

ციფრული კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვისათვის შეგიძლიათ, გაიაროთ საქართველოს ბანკის უფასო ონლაინ კურსი

  1. გაიცანით და შეისწავლეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია

მას შემდეგ, რაც ბიზნეს ამოცანებს განსაზღვრავთ, საჭიროა იმის გააზრება, თუ ვისთვის ხდება ეს ყველაფერი - ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია, რომელთან დაკავშირებასაც ცდილობთ. შეუსაბამეთ თქვენი სტრატეგია ამ აუდიტორიას. დაუსვით საკუთარ თავს რამდენიმე შეკითხვა:

  • რომელ სოციალურ მედია არხებში შეიძლება მათი პოვნა?
  • მობილურ მოწყობილობებს უფრო ხშირად იყენებენ ისინი თუ პერსონალურ კომპიუტერს?
  • როგორი ტიპის კონტენტია მათთვის ყველაზე მიმზიდველი?
  • უკვე იცნობენ ისინი ჩვენს კომპანიას და შეთავაზებებს?
  • რა სახის კონტენტის მოძიებას ცდილობენ და სად?
  • რის ნახვას ელიან ისინი თქვენს საიტზე?
  1. შეიმუშავეთ ოპტიმალური ციფრული ტაქტიკები

ახლა, როდესაც უკვე განსაზღვრეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია და იცით, რისი გაკეთება გსურთ და რას ელოდებით მათგან, შეგიძლიათ კონტენტისთვის საუკეთესო ადგილის შერჩევაზეც იფიქროთ. ხშირად სხვადასხვა ტაქტიკების ერთობლივად გამოყენებაა რეკომენდებული, მათ შორის:

ფასიანი:

  • ფასიანი ძიება: გეხმარებათ საიტზე ტრაფიკის მოზიდვაში საძიებო სისტემების დახმარებით.
  • ფასიანი სოციალური მედია: ზრდის თქვენი ბრენდის მიღწევადობას (რიჩს) და ცნობადობას სამიზნე აუდიტორიაში.

ორგანული(Owned):

  • ორგანული სოციალური მედია: ზრდის ონლაინ ხილვადობასა და რეპუტაციას.
  • საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO) და კონტენტის წარმოება: ეს არა მარტო თქვენი საიტის რეიტინგების ამაღლებაში დაგეხმარებათ, არამედ მომხმარებელთა გამოცდილებას და ვებ-გვერდის მოხმარებასაც დახვეწავს.
  • იმეილ მარკეტინგი: აყალიბებს ურთიერთობებს პოტენციურ მომხმარებლებთან, ლიდებთან, არსებულ და ძველ მომხმარებლებთან.
  1. საზომები და ანალიტიკა

ბოლო საფეხური ნებისმიერ ეფექტურ სტრატეგიაში ტაქტიკების ამუშავებამდე KPI-ების (წარმატების საზომების) განსაზღვრაა. ციფრული სტრატეგიის შეფასებისას აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ როგორც ღირებულ, ასევე ისეთ საზომებს, რომლებიც ზუსტად ვერაფერს გეუბნებიან. ასეთ საზომებს ამაო საზომებსაც უწოდებენ და ისინი მეტწილად, მარკეტინგული აქტივობის გასაზომად გამოიყენება, თუმცა საბოლოო იდეალური შედეგის შესახებ ინფორმაციას არ იძლევა. მათგან განსხვავებით, ღირებული საზომები იმის შეფასებას ემსახურება, თუ რამდენად შესრულდა ბიზნესის საბოლოო მიზნები და ამოცანები. მაგალითად:

ამაო საზომები:

  • ვებ-გვერდის ტრაფიკი
  • საიტზე დაყოვნებული დრო
  • ქივორდების რეიტინგი
  • საიტიდან გასვლის კოეფიციენტი
  • სოციალური მედია გამომწერები
  • ჩვენებები
  • გვერდის ნახვები

ღირებული:

  • ელექტრონული წიგნის ჩამოტვირთვა
  • კონვერსიის მაჩვენებელი
  • ხარისხიანი ლიდები გაყიდვებისთვის
  • მომხმარებელთა ათვისების ხარჯი
  • მომხმარებელთა სიცოცხლისუნარიანობის ღირებულება

ამ და სხვა საჭირო ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, დროა ციფრული კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაზე გადახვიდეთ.

გამოიყენეთ თქვენი მიზნები, აუდიტორია, ტაქტიკები და წარმატების საზომები ამ სტრატეგიის შესადგენად. წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ მარკეტინგისა და კომუნიკაციების გუნდის ხელმძღვანელი ხართ ერთ-ერთი მწარმოებელი კომპანიისთვის. როგორ შეიმუშავებთ სტრატეგიას ამ ოთხი საფეხურის მიხედვით?

  1. პირველ რიგში, თქვენს ბიზნეს ამოცანას განსაზღვრავთ - გსურთ მოიზიდოთ ახალი მომხმარებელი, რასაც თქვენი ინოვაციური პროდუქტისა თუ სერვისის შესახებ ცნობადობის ამაღლებით შეძლებთ. მართალია, თქვენი ბიზნესი ახალ და ინოვაციურ პროდუქტს უშვებს, თუმცა მოძველებული საკომუნიკაციო ტაქტიკების გამო, ის ჯერ საკმარისად „ინოვაციურად“ არ აღიქმება.
  2. თქვენი სამიზნე აუდიტორია დამწყები ინჟინრები არიან. მათ ურჩევნიათ, სასურველი ინფორმაცია პირდაპირ ონლაინ მოიძიონ საძიებო სისტემებიდან, საიტებიდან, ფორუმებიდან და სხვა შესაბამისი პლატფორმებიდან. მათ შორის, ტექნიკურ ინფორმაციასა და ქეისების შესწავლაზე დიდი მოთხოვნაა.
  3. ამ ეტაპზე, თქვენ უკვე იცით, რომ ციფრული საკომუნიკაციო სტრატეგიის მიზანი აუდიტორიაში ახალი პროდუქტის შესახებ ცნობადობის ამაღლებაა, რის მიღწევასაც ონლაინ ტაქტიკებით შეეცდებით. კერძოდ რას ნიშნავს ეს? ეს თქვენ მიერ რამდენიმე ციფრული ტაქტიკის განსაზღვრას გულისხმობს, ესენია:

კონტენტის წარმოება: თქვენ ონლაინ სივრცეში შექმნით პროდუქტის შესახებ შესაბამის გვერდებს, სადაც ყოველგვარი ინფორმაცია იქნება შენახული სამიზნე აუდიტორიისთვის. ეს კონტენტი შეიძლება მოიცავდეს:

  • საგანმანათლებლო ვიდეოებს
  • კვლევით ჟურნალებს ტექნიკური მონაცემებითა და სპეციფიკაციებით.
  • ქეისების შესწავლას კონკრეტული შემთხვევებისთვის

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია: იმისათვის, რომ მომხმარებელმა თქვენი რესურსების მოძიება მარტივად შეძლოს, საჭიროა გარკვეული დრო საიტისა და კონტენტის ოპტიმიზაციასაც დაუთმოთ, რათა საძიებო სისტემებში მათ მაღალი რეიტინგი მოიპოვონ.

ფასიანი & ორგანული ტაქტიკები: თქვენს კონტენტს ონლაინ სივრცეში შესაბამის არხებში გაარეკლამებთ. იქნება ეს  ფასიანი ძიება, ვებ-გვერდები თუ სოციალური მედია არხები.

  1. საზომები და ანალიტიკა: თქვენ შეადგენთ ყოველთვიური რეპორტინგის სისტემას, სადაც სხვადასხვა არხებზე კამპანიის შედეგიანობას დააკვირდებით და შეისწავლით. ეს მონაცემები შესაძლოა საიტის ნახვებს, ქივორდების რეიტინგებს, ორგანული და ფასიანი ტრაფიკის მოცულობასაც მოიცავდეს.

ციფრული კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებისას აუცილებელია, არ გამოგრჩეთ თქვენი ბიზნესის მიზნები და ამოცანები. საჭიროა, კონცენტრირდეთ სამიზნე აუდიტორიაზე და თქვენი ტაქტიკები შესაბამისად განსაზღვროთ. და ბოლოს, ნუ დაგავიწყდებათ არსებული კამპანიების შეფასება, რათა გაიგოთ რამდენად აღწევთ სასურველ შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებების შეტანაც შეძლოთ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ციფრული მარკეტინგის 15 უფასო ხელსაწყო მცირე ბიზნესისათვის

რა განსხავებაა მარკეტინგულ ამოცანებსა და მიზნებს შორის?

ლიდების გენერირების 12 ეფექტური სტრატეგია (+მაგალითები)