media-4

ქართული და უცხოური პლატფორმები ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად

  • 06 ოქტ 2021
  • ციფრული მარკეტინგი
ქართული და უცხოური პლატფორმები ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად

სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, დამატებითი შემოსავალი ზედმეტი არასდროს არის. დამატებითი შემოსავლისთვის კი ონლაინ მაღაზიის შექმნა შესანიშნავ გზას წარმოადგენს. ცხადია, ამას ფაქტებიც ამყარებს - 2021 წლისთვის, ელექტრონული კომერციის გაყიდვების 17.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

თუმცა, ამ მიმზიდველი სტატისტიკის მიუხედავად, ბიზნესების დაახლოებით ნახევარს, ვებ-გვერდი ჯერაც არ აქვს შექმნილი - რაც ნიშნავს, რომ ახლა საუკეთესო დროა, საქმეს შეუდგეთ. თითოეული დაკარგული წუთი საიტის გარეშე შესაძლოა, დამატებითი შემოსავლების დაკარგვასთან იყოს დაკავშირებული.

შეიძლება, უკვე ფლობთ ფიზიკურ მაღაზიას და ონლაინ სივრცის ათვისება გაქვთ განზრახული, ან სრულიად ახალი ხართ და ელექტრონული კომერციის სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმა გსურთ - ნებისმიერ შემთხვევაში, ონლაინ მაღაზიას უამრავი სარგებლისა და სიკეთის მოტანა შეუძლია თქვენთვის.

ონლაინ მაღაზიის შექმნა დღესდღეობით ძალიან მარტივია. განსაკუთრებით ისეთი პლატფორმების არსებობის ფონზე, როგორიც არის ყველასათვის ცნობილი Shopify და WooCommerce. ან სულაც, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ქართული ალტერნატივით და ვებ-გვერდი ელექტრონული კომერციის ფუნქციონალით თქვენითვე ააწყოთ B2C.GE-ზე.

სტატიის განმავლობაში თითოეული პლატფორმის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას შეიტყობთ და გაეცნობით მათ მახასიათებლებსა თუ შესაძლებლობებს, რაც დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, თუ რომელი პლატფორმის დახმარებით შექმნათ თქვენი ონლაინ მაღაზია და დაიწყოთ ელექტრონული კომერციის სამყაროს ათვისება.

როგორ შევარჩიოთ პლატფორმა ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად?

ელექტრონული კომერციის ბიზნესის წამოწყება შესაძლოა, რთულადაც მოგეჩვენოთ, თუმცა მასთან დაკავშირებული დეტალების შესწავლის შემდეგ ეს წარმოდგენა გაგიქრებათ. ონლაინ მაღაზიის თავდაპირველად შექმნისას საჭიროა, თითოეული ნიუანსი იყოს გათვალისწინებული, უნდა ეცადოთ, ისეთი პლატფორმა შეარჩიოთ, რომელიც თქვენს საჭიროებებს ითვალისწინებს და თქვენს სურვილებსაც ერგება. ამისათვის კი აუცილებელია, ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილოთ და ისინი ერთმანეთს შეადაროთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ, დანამდვილებით გადაწყვიტოთ, რომელი პლატფორმა იქნება თქვენთვის ოპტიმალური.

ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად უამრავი ხელსაწყო არსებობს. ზოგიერთი მათგანი ძვირადღირებულია, ზოგიერთი კი იაფი. ზოგიერთი მათგანი სანდოა, ზოგიც არა. თქვენთვის არჩევანის გასამარტივებლად გადავწყვიტეთ, ასეთი პლატფორმები მიმოგვეხილა და შეგვედარებინა.

Shopify

Shopify ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა ელექტრონული კომერციის ინდუსტრიაში. ის საშუალებას გაძლევთ, მარტივად შექმნათ ონლაინ მაღაზია, ნებისმიერი ტექნიკური უნარ-ჩვევების გარეშე. Shopify დღესდღეობით, უკვე 1,000,000-ზე მეტ ბიზნესს მოიცავს და ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის არის რეკომენდებული. ონლაინ მაღაზიის შექმნისას თქვენ ყველაფრისთვის გექნებათ მხარდაჭერა, იქნება ეს საჭირო ხელსაწყოები, გამოქვეყნება თუ ელექტრონული კომერციის მართვა.

ვის შეუძლია მისი გამოყენება?

Shopify-ს გამოყენება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია - ახლა იწყებს ის პროდუქტების გაყიდვას თუ უკვე ფლობს მსხვილბიზნესს. ყველაფერი, რაც ამისათვის გჭირდებათ, არის იდეა, გასაყიდი პროდუქტები და ინტერნეტი. მასში შემავალი 5000-ზე მეტი აპლიკაციისა და სპეციალიზებული მახასიათებლების წყალობით, როგორიც არის მარაგების აღრიცხვა და მიწოდების მეთოდები, Shopify საკმაოდ წარმატებული და ეფექტური პლატფორმაა მეწარმეებისა და ბიზნესებისთვის.

Shopify-ს მახასიათებლები:

  • მარტივად გამოყენებადი
  • მოქნილი დიზაინი
  • 24/7 მხარდაჭერა
  • მომხმარებელთა კმაყოფილება
  • გამართული მარაგების სისტემა
  • 5000+ აპლიკაცია
  • 50+ მზა შაბლონი

ფასი: $29-$299 ყოველთვიურად, რასაც დაემატება გაყიდვებიდან საკომისიო 2%-მდე.

WooCommerce

WooCommerce ღია ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც WordPress-ის საიტებისთვისაა აგებული. ის საშუალებას გაძლევთ, გაყიდოთ როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული პროდუქტები. მისი მოქნილი გადახდის სისტემის წყალობით, ის საკმაოდ მიმზიდველია სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებლისთვის. პლატფორმაზე 140 რეგიონზე მორგებული გადახდის სისტემა არსებობს, მათ შორის: WooCommerce Payments, Stripe, Paypal, Amazon Pay, Apple Pay, Google Pay…

გარდა ამისა, პლატფორმის ინტეგრაცია უამრავ ხელსაწყოსთანაა შესაძლებელი. ისეთ ხელსაწყოებთან, როგორიც არის Facebook, Zapier, Mailchimp, Square, Amazon და სხვა. პლატფორმის გამოყენებისას შეგიძლიათ, დაზოგოთ დრო ავტომატური გადასახადების დათვლის ფუნქციისა და გადაზიდვების ხარჯების დაანგარიშების წყალობით. დახმარების მიღებას WooCommerce-ის საჯარო ფორუმიდან მოახერხებთ.

WooCommerce-ის მახასიათებლები:

  • მარტივად გამოყენებადი
  • უფასო აპლიკაციები და ფუნქციონალები
  • გამართული ინვენტარის სისტემა
  • დაფუძნებულია WordPress-ზე
  • მოიცავს იმეილ მარკეტინგს
  • კუპონური ვაუჩერები

ფასი: ვინაიდან WooCommerce WordPress-ის საიტებზე ჩასაშენებელი ფუნქციონალია, თავად პლატფორმის დანერგვა უფასოა, თუმცა გარკვეული თანხების გადახდა მაინც გიწევთ იმ საიტების მიხედვით, რომლებსაც იყენებთ. საწყისი მახასიათებლების გააქტიურებას თვეში $10-დან შეძლებთ, თუმცა მასშტაბების ზრდასთან ერთად დამატებით ყოველწლიურად $200 დოლარის გადახდა მოგიწევთ. საერთო ჯამში, საფასური შესაძლოა, წლიურ $1000-საც შეადგენდეს. მარტივი და მცირე საიტიდან დაწყებული, მსხვილ და დახვეწილ საიტამდე, ფასები შესაძლოა 110 დოლარიდან, 1,500+ დოლარამდე მერყეობდეს (ყოველწლიურად). მიუხედავად იმისა, რომ WordPress-ზე და WooCommerce-ზე ონლაინ მაღაზიის გამართვისათვის არ არის აუცილებელი, ფლობდეთ პროგრამირების რომელიმე ენას ან გუნდში გყავდეთ გამოცდილი პროგრამისტი, მეწარმეების უმეტესობას მაინც სჭირდება პროგრამისტის ან ტექნოლოგიებში კარგად გარკვეული პირის დახმარება.

B2C.GE

 

B2C.GE-ის მომხმარებლებს ყველა იმ ფუნქციონალით შეუძლიათ სარგებლობა, რომელიც ონლაინ მაღაზიების თითოეულ პლატფორმას უნდა ჰქონდეს. ნებისმიერ თქვენგანს ყოველგვარი ტექნოლოგიური ან უცხო ენის ცოდნის გარეშე, ძალიან მარტივად და მოკლე დროში შეუძლია, შექმნას საკუთარი ონლაინ მაღაზია. 30 დღე სარგებლობა უფასოა, შესაბამისად, ყველა ბარიერი მოხსნილია ონლაინ კომერციაში ძალების მოსასინჯად.

მისი შერჩევისას საშუალება გექნებათ, ანგარიშსწორების სხვადასხვა მეთოდიდან ერთ-ერთი, ან რამდენიმე ალტერნატივა აირჩიოთ. ესენია: საბანკო ბარათები, ინვოისით გადახდა, ნაღდი ფული, ელექტრონული საფულე და საბანკო განვადება. თავის მხრივ, არჩევანი არსებობს საბარათე გადახდების ან საბანკო განვადების სერვისების მომწოდებლებში: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკის, ფეიფალი, ფეიზი, სტრაიპი, კრედო ბანკი და ასე შემდეგ.

პლატფორმის გამოყენება საკმაოდ მარტივია მისი ფუნქციონალის გათვალისწინებით. შეგიძლიათ, თქვენზე მორგებული დიზაინი შეარჩიოთ, გაუწეროთ ონლაინ მაღაზიას საკუთარი დომენი, ჩააშენოთ ფეისბუქის ჩატი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, პლატფორმის გამოყენებით მომხმარებელს ონლაინ მაღაზია ნებისმიერ ენაზე შეგიძლიათ შესთავაზოთ, საკმაოდ მარტივია ვალუტების არჩევანიც.

განსხვავებით Shopify-ს ან WooCommerce-ისგან, B2C.GE-ის მთავარი უპირატესობა ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინება და ადგილობრივ სერვისებთან მაქსიმალური ინტეგრაციაა. ვერც ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე თქვენ ვერ მიიღებთ საბარათე ანგარიშსწორების, საკურიერო სერვისების, საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამების, ან სხვა ადგილობრივი სერვისების ისეთ არჩევანს, როგორიც აქვს B2C.GE-ს. ჩვენი შეფასებით, B2C.GE-ზე არჩევანი სწორედ ისეთმა ბიზნესებმა უნდა გააკეთონ, ვინც საკუთარ პროდუქციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარს სთავაზობს.

B2C.GE -ის მახასიათებლები:

  • Facebook და Google ავტორიზაცია
  • Google Analytics ინტეგრაცია
  • ფეისბუქის პიქსელი
  • Google Maps ინტეგრაცია
  • ბლოგის შექმნა და მართვა
  • 24/7 მხარდაჭერა
  • ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებთან
  • მობილური ოპტიმიზაცია
  • მარტივი მოხმარება
  • მარაგების კონტროლი

ფასი: პლატფორმის გამოყენება პირველი თვის განმავლობაში სრულიად უფასოა, ხოლო შემდგომ ყოველთვიური საფასური 99 ლარს შეადგენს, თქვენ არ გეკისრებათ არანაირი დამატებითი საკომისიო გაყიდვებიდან.

და მაინც, რა არის B2C.GE-ის მთავარი უპირატესობა? - ის ქართულია.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გამოვიყენოთ სოციალური მედია ელექტრონული კომერციისთვის

მცირე ბიზნესის მარკეტინგული ბიუჯეტის ოპტიმიზაცია

როგორ მოვიპოვოთ დადებითი შეფასებები მომხმარებლებისგან