ციფრული მარკეტინგის 11 სტრატეგია სასტუმროებისთვის

ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ადამიანის სამ ძირითადად საჭიროებას - საკვები, წყალი და თავშესაფარი წარმოადგენს. ამ სიას შეგვიძლია უკვე ინტერნეტიც მივამატოთ.
დღესდღეობით ადამიანები ინტერნეტზე თითქმის სრულად არიან დამოკიდებულნი, ვინაიდან ინტერნეტს ყველა თქვენს შეკითხვაზე აქვს პასუხი.
იმისათვის, რომ ჩვენთვის სასურველი სასტუმრო სხვადასხვა ლოკაციებზე მოვძებნოთ, პირველი რასაც მივმართავთ, ინტერნეტია. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ სამ ფაქტორს განვიხილავთ:
- ფასი
- სტუმართა მიმოხილვები
- სასტუმროს ვებ-გვერდი
თქვენი სასტუმროს საძიებო რეიტინგები, რა თქმა უნდა, მის ხილვადობაზეა დამოკიდებული, რაც ალგორითმებს, ხარისხიან კონტენტსა და მომხმარებელთა ჩართულობას მოიცავს. Google-ის საძიებო სისტემაში თქვენი რეიტინგი სწორედ თვალსაჩინოებაზეა დამოკიდებული, რაც თავის მხრივ, თქვენი სასტუმროს ციფრული მარკეტინგის სტრატეგიების შედეგია.
ამ ეტაპზე შესაძლოა, ძალიან ბევრი კითხვა გქონდეთ. რას ეწოდება ციფრული მარკეტინგი და როგორ ვაწარმოებთ მას? რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას თქვენთვის?
თქვენს ყველა კითხვაზე პასუხს ამ სტატიაში იხილავთ.
რას მოიცავს სასტუმროს ციფრული მარკეტინგი?
სასტუმროს ციფრული მარკეტინგი გულისხმობს მის ონლაინ სივრცეში თვალსაჩინოების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას. ეს მოიცავს ისეთ სოციალურ მედია ქსელებს, როგორიცაა ფეისბუქი, ინსტაგრამი და დამატებით Google ან სხვა საძიებო სისტემები.
ეტაპობრივად, თქვენ დარწმუნდებით, რომ სასტუმროს ციფრული მარკეტინგი ზრდის თქვენი ჯავშნების რაოდენობას, გაძლევთ უკეთეს ხილვადობას და შესაბამისად, სტაბილური ბრენდის სახელს ბაზარზე.
რატომ არის მნიშვნელოვანი სასტუმროსთვის ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება?
დღესდღეობით, თითქმის ყველა მომხმარებელი ეძებს სასტუმროებს და მათ სერვისებს ონლაინ სივრცეში. ციფრული მარკეტინგი სწორედ იმაში გეხმარებათ, რომ დაუკავშირდეთ პოტენციურ მომხმარებლებს, ჩამოაყალიბოთ მათთან ურთიერთობა და აქციოთ ისინი ლოიალურ მომხმარებლებად.
მათი მოგზაურობა იწყება ონლაინ სივრცეში თქვენი აღმოჩენით. ეს შეიძლება იყოს სოციალური ქსელები ან ორგანული საძიებო სისტემები. თვალსაჩინოდ ყოფნა ასეთ ქსელებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი კომპანიისთვის.
სასტუმროს ციფრული მარკეტინგული სტრატეგია უნდა აერთიანებდეს საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას, სხვადასხვა ფასიან და ორგანულ არხებს, რათა საძიებო შედეგებში სასტუმროს მაღალი ხილვადობა მიანიჭოს, რასაც შემდგომ საბოლოო მომხმარებლის მოზიდვამდე მივყავართ.
წარმოგიდგენთ 11 საუკეთესო ციფრულ მარკეტინგულ სტრატეგიას სასტუმროებისთვის, რომელიც შეგიძლიათ თქვენს ბიზნესს მოარგოთ, რათა საუკეთესო შედეგებზე გახვიდეთ.
- განათავსეთ თქვენი სასტუმრო Google საძიებო სისტემაში
სანამ სამყარო ინტერნეტის ეპოქაში გადავიდოდა, ადამიანები საკუთარ ბიზნესებს „ყვითელ წიგნაკში“ არეგისტრირებდნენ. აქ ნახავდით ინფორმაციას მებაღიდან დაწყებული, სამთავრობო წარმომადგენლით დამთავრებული.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და დღეს ყველას სურს, მისი ბიზნესი ისეთ საძიებო სისტემაში აღმოჩნდეს, როგორიც არის Google. სილამაზის სალონიდან დაწყებული, მსოფლიოს უმაღლესი სასტუმროებით დამთავრებული, ის ყველა ტიპის ბიზნესს მოიცავს.
თქვენ შეიძლება ასეთი კითხვებიც გქონდეთ:
- როგორ განათავსებენ სასტუმროს Google-ში?
- ფასიანია ეს თუ უფასო?
მეორე კითხვაზე პასუხი შეგვიძლია ახლავე გავცეთ და გითხრათ, რომ დიახ, სასტუმროების განთავსება საძიებო სისტემაში უფასოა!
პირველ შეკითხვას რაც შეეხება, მოდით ამ პროცესს ეტაპობრივად მივყვეთ და პარალელურად ის ფუნქციებიც განვიხილოთ, რომლითაც ამ პროცესს შეგვიძლია შევუწყოთ ხელი.
Google My Business-ის შექმნა თქვენი ბიზნესისთვის, ისეთივე საჭირო და საწყისი პროცესია, როგორიც თქვენი ბიზნესის ელექტრონილი ბარათის შექმნაა. ის გვეხმარება, ერთმანეთს ბიზნესის მფლობელები და საბოლოო მომხმარებლები დავუკავშიროთ.
როგორც წესი, სანამ მომხმარებელი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და თქვენს სასტუმროში ნომერს დაჯავშნის, ის ონლაინ სივრცეში იკვლევს ამ ადგილს, მის რეიტინგს, ფოტოებს, საფასო ზღვარს და შესაძლოა, ხშირად დასმულ კითხვებსაც. პოტენციური მომხმარებელი ეძებს ყველაფერს.
ახლა კი გადავიდეთ სასტუმროს განთავსებაზე. პირველ რიგში, შექმენით თქვენი Google My Business და ჩამოტვირთეთ მისი აპლიაცია სმარტფონში. ასევე შეგიძლიათ მისი ვებ-გვერდზე მორგებაც.
ამის შემდეგ, საჭიროა უბრალო რეგისტრაცია და მოთხოვნილი ინფორმაციის შევსება, როგორიც არის სასტუმროს სახელი, ვარსკვლავები, ადგილმდებარეობა და ა.შ.
აუცილებლად გადაამოწმეთ თქვენი სასტუმროს საკონტაქტო ინფორმაცია. არასწორი ინფორმაცია ადგილმდებარეობისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ საგრძნობლად მოქმედებს თქვენს საძიებო შედეგებზე და ჯავშნების რაოდენობაზე.
„ბიზნესების ონლაინ სივრცეში ძიებისას, მომხმარებელთა 80% პროცენტი კარგავს ნდობას არასწორი საკონტაქტო ინფორმაციის აღმოჩენისას.“
მას შემდეგ, რაც საჭირო ფორმას შეავსებთ, მიიღებთ შესაბამის კოდს თქვენი ბიზნესის ვერიფიკაციისთვის. ამის შემდეგ, უკვე თქვენს რეიტინგებზე უნდა იმუშავოთ.
Google My Business რამდენიმე მახასიათებელს გვთავაზობს. ესენია:
- რეიტინგი და მიმოხილვები
- სასტუმროს ბიზნეს გვერდის კატალოგი
- მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტის ავტომატური განახლება
- ინტეგრირებული მეტა-ძიება მარტივი ჯავშნებისთვის
- სასტუმროს სხვადასხვა ატრიბუტები
მას შემდეგ, რაც ბიზნესი საბოლოოდ განთავსებულია საძიებო სისტემაში და კონტენტიც განახლებულია, დროა თქვენს აუდიტორიასთან მიღწევადობაზე გადაიტანოთ ყურადღება. თუ თქვენ ონლაინ სივრცეში არ ხართ თვალსაჩინო, მაშინ თითქმის არაფერს ექნება აზრი, არც თქვენს სლოგანებს და არც სხვა საქმიანობებს.
ალბათ, დაგაინტერესებთ, თუ როგორ გავზარდოთ ონლაინ სივრცეში მიღწევადობა - მარტივად, შექმენით ვებ-გვერდის დიზაინი.
მოდით ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ.
- შექმენით საკუთარი ვებ-გვერდი
ვებ-გვერდის შექმნა შემდეგი ნაბიჯია სასტუმროს ციფრული მარკეტინგის სტრატეგიაში. როდესაც ვებ-გვერდზე ვსაუბრობთ, არ ვგულისხმობთ უბრალოდ სურათების ატვირთვას და მათთვის ორ ხაზიანი ტექსტური კონტენტის მიკუთვნებას.
სასტუმროს ვებ-გვერდი უნდა მოიცავდეს ყველაფერს, თქვენს ადგილმდებარეობას, ოთახებს, სერვისებს და ყველაფერს, რასაც სასტუმრო აერთიანებს.
მობილური ვებ-გვერდის ოპტიმიზაცია
ადამიანები ინფორმაციის მოძიებას უფრო მეტად მობილურით ამჯობინებენ, ვიდრე პერსონალური კომპიუტერით. ამიტომაც, მობილურ მოწყობილობებზე მორგებული ვებ-გვერდები მეტად რეკომენდებულია.
წარმოგიდგენთ რამდენიმე სტატისტიკას Think Google-ის მონაცემებით:
- გასულ ორ წელიწადში სასტუმროების ძიების მაჩვენებლები მობილური მოწყობილობებით, 60% პროცენტით გაიზარდა.
- მობილურით ძიება „სამოგზაურო ადგილებისთვის“ სხვადასხვა კომბინაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაორმაგდა.
- ცხრა სხვადასხვა ბაზარზე, სასტუმროების მობილური მოწყობილობით გამოკვლევა ისეთივე გავრცელებული რამაა, როგორიც ტანსაცმლის შოპინგი.
- სასტუმროს მობილურით დაჯავშნის პროცესში წარმოქმნილ ხარვეზებს, შეუძლია მომხმარებელს ვებ-გვერდი დაატოვებინოს.
ამჟამად, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ დაჯავშნის პროცესი მარტივად გაიაროს. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, მობილურზე ოპტიმიზირებულ ვებ-გვერდს შეუძლია, გაზარდოს თქვენი ჯავშნები და შესაბამისად, შემოსავლებიც.
ვებ-გვერდის შექმნის შემდეგ თქვენი მთავარი დანიშნულება საძიებო შედეგებში საუკეთესო რეიტინგის მოპოვება ხდება. ამისათვის კი აუცილებლად დაგჭირდებათ თქვენი SEO-ს (საძიებო სისტემების ოპტიმიზიაცია) გამართვა.
- SEO - ვებ-გვერდის ძირითადი ღერძი
SEO - საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას გულისხმობს. ამ საქმის ეფექტურად შესრულებით, თქვენი სასტუმრო საძიებო შედეგებში გაცილებით მაღალ რეიტინგებს მოიპოვებს, რაც მას თავისთავად, მეტ თვალსაჩინოებას მოუტანს.
გარდა ამისა, ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისი ონლაინ წამომადგენლობის გაძლიერება, თუმცა , რა თქმა უნდა, საჭიროა, ვიცოდეთ, თუ როგორ გავაკეთოთ ეს.
სასტუმროები, რომლებსაც მაღალი საძიებო რეიტინგები აქვთ, საკუთარ SEO-ს ნაწილში დიდ ინვესტიციებსაც ახორციელებენ.
მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ორგანული ტრაფიკი და შედეგებიც. დამატებით, შეგვიძლია გითხრათ, რომ არსებობს ერთი მაგიური ხრიკი, რომელსაც თითქმის ყველა ყურადღების მიღმა ტოვებს. კონვერტაციის ასამაღლებელი ეს ხრიკი ადგილობრივი SEO-ს განვითარებაში იმალება.
ადგილობრივი SEO
კი მაგრამ, რას ეწოდება ადგილობრივი SEO?
SEO-ს ეს ნაწილი ფოკუსირებულია თქვენი ბიზნესის ხილვადობაზე ადგილობრივ საძიებო შედეგებში. მაგალითად, დავუშვათ თქვენი სასტუმრო ყაზბეგში მდებარეობს. ადგილობრივი SEO ორიენტირებულია, რომ თქვენი სასტუმრო „სასტუმროები მახლობლად“ ან „სასტუმროები ყაზბეგში“ შესაბამის საძიებო შედეგებში გამოჩნდეს.
დავალება საკმაოდ მარტივია. უბრალოდ მონიშნეთ Google maps-დან თქვენს სასტუმროსთან ახლოს მდებარე მნიშვნელოვანი ადგილები „ჩვენ შესახებ“ ნაწილში. ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს, დაწყებული კონკრეტული ობიექტით, დამთავრებული სპეციფიკური მაგისტრალით. ეცადეთ, რომ შემდგომში ამ საკვანძო სიტყვების ოპტიმიზიაცია უკეთესი საძიებო შედეგების მისაღებად მოახერხოთ.
- რეკლამა რეკლამა და კიდევ რეკლამა
აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მეტაძიების სისტემებზეც, Google Hotel Ads, TripAdvisor და Trivago-ს დახმარებით. გჯერათ თუ არა, ამ სისტემებში თქვენი სასტუმროს განთავსებას შეუძლია, არა მხოლოდ სასტუმროს ხილვადობა გაზარდოს, არამედ თქვენი ბრენდის ღირებულებაც გააუმჯობესოს.
თუმცა, ამ სისტემებში მოსახვედრად აუცილებელია, რომ თქვენი სასტუმრო პირდაპირ ჯავშნებსაც იღებდეს. რაც უფრო მეტ ჯავშანს მიიღებთ პირდაპირი გზით, მით უფრო წინ წახვალთ ამ ინდუსტრიაში.
სტატისტიკის თანახმად, წლიდან წლამდე, სმარტფონებიდან მიღებული Google Hotel Ads -ის რეფერალების რაოდენობა 2.4-ჯერ იზრდება.
მყისიერ ზემოქმედებას თავისი სარგებელი და სიკეთეებიც გააჩნია. მიუხედავად ამისა, მას თავისი უარყოფითი ნიშნებიც გამოუჩნდება, თუ თქვენი რეკლამა ოპტიმიზირებული არ იქნება.
საჭიროა, რომ Google-სა და Facebook-ზე თქვენ მიზანმიმართულ სარეკლამო კამპანიებს აწარმოებდეთ. ასეთ კამპანიებში ჩართვას არაერთი სარგებლის მოტანა შეუძლია. რაც ყველაზე მთავარია, ისინი უზრუნველყოფენ, რომ თქვენი სასტუმრო ხილვადი იყოს და ინფორმაციამ სასტუმროსა და სერვისების შესახებ საჭირო ადამიანებს მიაღწიოს.
სხვა რეკლამები
Facebook Ads საუკეთესო და იაფი გზაა ახალი სტუმრების მოსაზიდად. შესაბამისად, თქვენ მარტივად შეგიძლიათ, მიიღოთ მეტი ჯავშანი და მომხმარებლები, თანაც საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებსაც არ გასცდეთ.
ანალოგიურად, რემარკეტინგის რეკლამებიც შესანიშნავ საშუალებას გაძლევთ, თქვენი სასტუმროს ბიზნესი დღის შეუქზე გამოიტანოთ და რეკლამა ისეთ ადამიანებს უჩვენოთ, რომლებიც უკვე ესტუმრნენ თქვენს ვებ-გვერდს. ასეთ შემთხვევაში, უფრო მაღალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ეს ადამიანები თქვენი რეალური მომხმარებლები გახდებიან.
მოკლედ, თუ ჯერ არც ერთ მეტასაძიებო სისტემაში არ ფიგურირებთ, დროა, ამაზე იფიქროთ და გამოასწოროთ.
- გამოჩნდით სოციალურ მედია ქსელებში!
სოციალურ მედია პლატფორმებზე ყოფნა, როგორიც არის ფეისბუქი, ინსტაგრამი ან იუთუბი, დღეს აღარავის უკვირს. თუმცა, მათი სრული პოტენციალის გამოყენება არის სწორედ ის, რაც თქვენი სასტუმროს ციფრული მარკეტინგის სტრატეგიას სჭირდება.
ამ პლატფორმებზე ლაივ ინტერაქციები კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა გამომწერთა და მომხმარებელთა ჩართულობის ასამაღლებლად.
სოციალური მოსმენა
სოციალურ მოსმენაში თქვენი სოციალური მედია ანგარიშების და მათი მონიშვნების, რეკლამების, მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტისა და ლიდების გენერირების პროცესზე დაკვირვება იგულისხმება. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ სხვადასხვა პოსტებში ჩართულობით გაარეკლამოთ საკუთარი თავი. პოსტებში, სადაც ვინმე თქვენს ბრენდს მოიხსენიებს.
მოდით ასე შევხედოთ. რას მოიმოქმედებდით, თუ ვინმე თქვენს ბრენდს საკუთარ ინსტაგრამ პოსტში მოიხსენიებდა? რა თქმა უნდა, ამ პოსტს თქვენს გვერდზე გადააზიარებდით.
შესაბამისად, ნებისმიერ დროს, როდესაც მომხმარებელი თქვენს სასტუმროს მონიშნავს საკუთარ პოსტში, გამოიყენეთ ეს თქვენს სასარგებლოდ. ამას არა მარტო იმპროვიზაცია შემოაქვს თქვენს ჩართულობაში, არამედ პოტენციური მომხმარებლების თვალში ძალიან კარგ შთაბეჭდილებასაც ტოვებს.
- გადმოეცით თქვენი ამბავი ვიდეოს საშუალებით
შესაძლოა ძალიან ბევრი სასტუმროს გალერიის დათვალიერებისას, გინახავთ ვიდეო კონტენტი მათ ვებ-გვერდებზე. ამგვარი ვიდეოები სასტუმროს 360 გრადუსიან ხედს გვიჩვენებენ. ისინი ფართო ხედვით წარმოაჩენენ სასტუმროს თითოეულ ასპექტს, მისაღებს, ოთახის ინტერიერს, რესტორანს, საცურაო აუზსა და კიდევ სხვა დეტალებს. ეს ყველაფერი მომხმარებლის ნდობის მოპოვებაში გეხმარებათ.
სასტუმროები ასევე ისეთ ვიდეოებს იღებენ, სადაც მომხმარებლებს უჩვენებენ, თუ როგორ იცავენ პოსტ კოვიდურ ჰიგიენის ნორმებს. ვიდეო მოიცავს პრევენციულ ზომებს, ისეთი როგორიც არის სასტუმროს სანიტარიული სამუშაოები, პერსონალის შემოწმება Covid-19-ზე და ტემპერატურაზე, ნიღბებისა და ხელთათმანების ტარებას და პერსონალის მიერ სანიტაიზერების გამოყენებას.
გთავაზობთ GoStop სასტუმროების ვიდეოს, რომელიც პოსტ კოვიდურ პირობებში შეიქმნა.
მსგავსი ვიდეოების ხილვა მომხმარებელს საუკეთესო სასტუმროს შერჩევაში ეხმარება. გარდა ამისა, ის სასტუმროს შიდა სამზარეულოშიც ახედებს მათ, რაც ინფორმაციის სოლიდურ და სანდო წყაროს წარმოადგენს. ნახვების მაქსიმიზაციისათვის საუკეთესო გზას ასეთი ვიდეოების დამატებით იუთუბზე ატვირთვაა.
- ნუ დაივიწყებთ იმეილ მარკეტინგს
დღესდღეობით, ადამიანები სათანადოდ ჯერ ისევ ვერ აფასებენ იმეილ მარკეტინგის ძალას. თუმცა სასტუმროები იმ ბიზნეს კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებსაც მისი გამოყენება ძალიან ეფექტურად შეუძლიათ.
ფაქტობრივად, იმეილი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მომხმარებელსა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის დასამყარებლად.
მისი დახმარებით, თქვენ შეძლებთ, დაუკავშირდეთ პოტენციურ მომხმარებლებს და გაუგზავნოთ ელექტრონული ფოსტა მათ ვიზიტამდე, სადაც მათ თქვენს სერვისებს და მათზე მორგებულ შეთავაზებებს გააცნობთ.
გარდა ამისა, მეილები გეხმარებათ, მათთან კავშირი არც მას შემდეგ გაწყვიტოთ, როდესაც ისინი სასტუმროს დატოვებენ.
დამატებით, შეგიძლიათ მეილები ჯავშნის დასტურადაც გამოიყენოთ და ამგვარად გაზარდოთ მომხმარებლის ჩართულობაც.
შედეგად, იმეილ მარკეტინგი იზიდავს ახალ მომხმარებლებს და ინარჩუნებს არსებულებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესის ROI-ს გასაზრდელად.
- გამოიყენეთ ინფლუენსერ მარკეტინგი
ინფლუენსერ მარკეტიგნგი სწორედ ის საშუალებაა, რომელიც სასტუმროებს ფართო აუდიტორიის მოზიდვაში ეხმარება. სასტუმროები უკავშირდებიან ისეთ ადამიანებს, რომლებიც აუდიტორიის გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენენ.
ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, განსაკუთრებით თუ ინფლუენსერი საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს და აღნიშნულ სფეროშიც აქვს ცოდნა და გამოცდილება.
მათ თქვენი დახმარება შეუძლიათ პოსტების შექმნითა და მათ სოციალურ არხებში გავრცელებით, რაც ცალსახად იწვევს მომხმარებლის ჩართულობას და იზიდავს მათ თქვენს ბლოგზე.
- ბლოგი
სასტუმროსთვის ბლოგის მართვა და ამ არხის გამოყენება დიდებული შესაძლებლობა და უპირატესობაა. ის გეხმარებათ, სიღრმისეულად განიხილოთ გარკვეული საკითხები და მოიზიდოთ მკითხველები, რომლებიც ერთი ინტერესის გარშემო ერთიანდებიან.
ბლოგი შესანიშნავი ხელსაწყოა არა მარტო იმიტომ, რომ მკითხველს ეხმარება საკითხი უფრო დეტალურად განიხილოს და შეისწავლოს, არამედ მას უბიძგებს, რომ თქვენი სერვისებიც უკეთესად გაიცნოს, რაც ორმაგ სარგებელს მოგიტანთ.
სამოგზაურო ბლოგები განსაკუთრებით ტრენდული და გავრცელებულია მოგზაურებს შორის. მოლაშქრეთა ჯგუფი იქნება ეს, თუ ცალკეული მოგზაური, თოთოეული მათგანი იკვლევს სამოგზაურო ადგილებს. მათთვის ინფორმაციის საუკეთესო წყაროს ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებზე შექმნილი ბლოგები წარმოადგენს. ბევრი სასტუმრო ამისათვის სპეციალურ ბროშურებსაც ბეჭდავს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გუგლი ინფორმაციის ყველაზე სტაბილური წყაროა და ამგვარი ბროშურები უკვე წარსულს ჩაბარდა. დღეს, საუკეთესო გზა ინფორმაციის გაციფრულება და მისი საინტერესო ბლოგის სახით გადმოცემაა.
ასეთი ბლოგები მოგზაურებს აწვდის რელევანტურ ინფორმაციას სამოგზაურო ადგილებზე. გარდა ამისა, ადგილობრივი SEO-ს დახმარებით ისინი თქვენი ვებ-გვერდის ნახვებსაც გაგიზრდით.
- აყევით ტრენდებს: ჩათბოტები
ჩათბოტები ბოლო დროის განმავლობაში საკმაოდ აქტუალური გახდა ამ სფეროში. მათ არა მხოლოდ კონვერსიის გაზრდა შეუძლიათ, არამედ ისინი ბრენდის რეპუტაციის გაზრდაშიც გეხმარებათ. შედეგად, ეს ზრდის ნდობას და იწვევს მომხმარებლის ჩართულობას.
ჩათბოტები ძალიან დიდ როლს თამაშობენ თქვენი სასტუმროს ციფრული მარკეტინგის სტრატეგიებში. ამიტომაც, მოარგეთ ისინი თქვენს არხებს და უპასუხეთ მომხმარებელთა კითხვებს მათი მეშვეობით.
ჩათბოტები აუმჯობესებენ მომხმარებელთან კომუნიკაციას, მიჰყავთ ადამიანები პირდაპირ დასაჯავშნად, უზრუნველყოფენ თქვენს ხელმისაწვდომობას 24/7-ზე და უკავშირდებიან ისეთ ადამიანებს, რომლებმაც დაჯავშნის პროცესი შეწყვიტეს.
სცადეთ ჩათბოტების ინტეგრირება თქვენს ვებ-გვერდთან და მალევე იხილავთ, თუ როგორ გაიზრდება სასტუმროს ჯავშნების რიცხვი და თქვენი მომხმარებლის კმაყოფილება.
- შეინარჩუნეთ ონლაინ რეპუტაცია
მოიშორეთ ყველანაირი გადაჭარბებული რწმენა, რაც თქვენი სასტურმოს ონლაინ რეპუტაციის შესახებ გაგაჩნიათ. თქვენ უნდა შეძლოთ იმის გააზრება და აღიარება, რომ სასტუმრო ინდუსტრიის ცენტრი იყო, არის და ყოველთვის იქნება მომხმარებლის კმაყოფილებისკენ მიმართული და მის გარშემო იტრიალებს.
„ნეგატიური უკუკავშირი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც პოზიტიური“
- Jack Canfield
ეს მართლაც რომ ჭეშმარიტია. აუცილებელია, იცოდეთ ის, თუ რას ამბობს მომხმარებელი თქვენ შესახებ. სხვაგვარად არსებულ მომსახურებას ვერასდროს გააუმჯობესებთ.
გარდა ამისა, ონლაინ მიმოხილვები, დღესდღეობით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდა. თქვენი ყველა მომხმარებელი, არსებული თუ პოტენციური, ყოველთვის შეამოწმებს განხილვებს თქვენ შესახებ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
სწორედ ამიტომ არის ონლაინ რეპუტაციის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი თქვენი ციფრული მარკეტინგისთვის. დამატებით, სისტემატურად ადევნეთ თვალი თქვენს რეიტინგებს და აღნიშნულ მიმოხილვებს და სწორედ ამის მიხედვით განსაზღვრეთ თქვენი მიზნები, განსაზღვრეთ, თუ სად გინდათ იყოთ და როგორ მიაღწიოთ იმ ადგილს!
დაფიქრდით, რა გსურთ, რომ მომხმარებელმა თქვენ შესახებ ილაპარაკოს?
შეჯამება
ციფრული მარკეტინგი სასტუმრო ინდუსტრიაში განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს შემოსავლების გენერირებაში.
უფრო და უფრო მსხვილი და ძლიერი კონკურენტები მუდმივად ჩნდებიან ბაზარზე. შესაბამისად, გამორჩეულობა და მომხმარებელთან პერსონალური კომუნიკაცია უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
დღესდღეობით, სტუმრები მეგობრულ ვებ-გვერდებს უფრო ამჯობინებენ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დღეს მომხმარებლის ტექნიკური განათლება უფრო ამაღლებულია, ისინი ონლაინ სივრცეშიც უფრო მაღალ ხარისხს ელოდებიან.
გამოიყენეთ ციფრული მარკეტინგი, რათა დარწმუნდეთ, რომ თითოეულ არხს მაქსიმალური დატვირთვითა და შესაძლებლობით იყენებთ.
ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრის საუბარი შეიძლება, თუმცა მოკლედ რომ ვთქვათ, გამოიყენეთ ჩამოთვლილი ციფრული მარკეტინგული სტრატეგიები, რათა 2021 წელი თქვენს საუკეთესო წლად აქციოთ და არნახულად გაზარდოთ თქვენი მომხმარებლების რიცხვი.
ასევე დაგაინტერესებთ:
რატომ არის აუცილებელი ციფრული მარკეტინგი ყველა ბიზნესისთვის?
არის თუ არა Google Ads-ის გამოყენება მართებული თქვენი ბიზნესისთვის?
ინფლუენსერ მარკეტინგის 7 საუკეთესო ხერხი ბრენდის გაძლიერებისთვის