media-4

როგორ დავსაქმდეთ სასურველი პირობებით - Freelancer • ფრილანსერი

  • 25 მარ 2021
  • ციფრული მარკეტინგი
როგორ დავსაქმდეთ სასურველი პირობებით - Freelancer • ფრილანსერი

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური და მოხმარებადი გახდა ფეისბუქ ჯგუფები, რამაც სრულიად შეცვალა ინფორმაციის მიმოცვლის ფორმები და დღეისათვის ადამიანებს შეუძლიათ, უშუალოდ ერთმანეთს დროის ნებისმიერ მონაკვეთში გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება ან სთხოვონ რეკომენდაციები ამა თუ იმ საკითხზე. ამ მიდგომამ გააჩინა მოტივაცია, რომ შექმნილიყო კონკრეტული ნიშებისა თუ მიმართულების ჯგუფები, რომლებიც  სეგმენტირებულად დაეხმარებოდა ადამიანებს მათთვის საჭირო კითხვებზე პასუხის პოვნაში.

ერთ-ერთი წარმატებული და საკმაოდ ცნობილი ასეთი ფეისბუქ ჯგუფი გახლავთ Freelancer • ფრილანსერი, რომელიც 2019 წლის დასასრულს შეიქმნა და დღეისათვის საკმაოდ მნიშნელოვან როლს თამაშობს დასაქმების ინდუსტრიაში.

ჯგუფის მიზანი მაშინაც იყო და ახლაც არის ცნობიერების ამაღლება ქართველ დამსაქმებლებში, ფრილანსერებისა თუ სამსახურის მაძიებლების გაერთიანება და ერთმანეთის დახმარება, რეკომენდაციების მიცემა, სწავლება, სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმების გაცნობა, დასაქმება ან საკუთარი თავის გაცნობა.“ - ჯგუფ ფრილანსერის შემქმნელი, ნინი ზექალაშვილი.

გთავაზობთ ინტერვიუს ჯგუფის შემქმნელთან

  • როდის შეიქმნა და რა მიზანი ჰქონდა ჯგუფს?

ჯგუფი ფრილანსერი 2019 წლის 3 ნოემბერს შევქმენი. ამ ეტაპზე, როდესაც უკვე 19 000 წევრს ვაერთიანებთ, მოვახერხეთ, რომ ჩვენი ხმა და ზოგიერთი პროფესიიის აღქმის სტანდარტები თუ მიდგომები ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერების მხრიდან და ასევე კომპანიების მხრიდანაც შეცვლილიყო. მინიმუმ ისიც შევძელით, ერთმანეთი მიგვეხვედრებინა, რომ მიდგომები შესაცვლელია და გარკვეულ პირობებს x ხელფასად და კონკრეტული გრაფიკით არ უნდა დავთანხმდეთ.

  • რამდენად დიდია საქართველოში ფრილანსერების რიცხვი და რამდენად ამართლებთ თქვენს მიზანს?

საქართველოში ბევრი ფრილანსერია. რეალურად ფრილანსერი არის თვითდასაქმებული, თუმცა ხალხს მარტო ტექნოლოგიურ ან კრეატიულ სფეროში მოღვაწე ადამიანი მიაჩნია ფრილანსერად. სინამდვილეში რეპეტიტორიც ფრილანსერია, დაქირავებული დიასახლისიც, ძაღლების გამსერინებელიც, თარჯიმანიც, მარკეტინგის მენეჯერიც, ფოტოგრაფიც, ვიდეოგრაფიც, დიზაინერიც და ა.შ ანუ ჩვენ გვაერთიანებს ის, რომ სამუშაო დროს, ადგილსა და ანაზღაურებას თავად ვირჩევთ. ჩემი ჯგუფი ამ მხრივ მიზანს ამართლებს. დღის განმავლობაში ძალიან დიდია აქტივობა და მაქსიმალურია ჯგუფის წევრების ჩართულობაც. რაც ყველაზე საამაყოა, ბევრი ადამიანი დასაქმდა და ბევრიც განვითარდა ჯგუფის საშუალებით.

  • როგორ იყენებენ ფრილანსერები თქვენს ჯგუფს თვითრეალიზაციისთვის?

პირველ რიგში, აქ ფრილანსერებს არ აქვთ შეზღუდვა და თუ ეძებენ სამსახურს, თავისუფლად შეუძლიათ, ჯგუფში დაპოსტონ ან გააკეთონ საკუთარი თავის შეთავაზება. მათ შორის მეც არაერთი ფრილანსერი დამიქირავებია სხვადასხვა დროს კომპანიის სახელით. მეორე და მნიშვნელოვანი არის რჩევების მიღება და პრობლემების განხილვა, რაც ძალიან აქტუალური და ყოველდღიური თემაა ჯგუფისთვის. მეც და ჯგუფის ბევრი წევრიც ხშირად ვაზიარებთ უფასო სემინარებს, ვებინარებს თუ მასტერკლასებს, ანუ ხაზს ვუსვამთ სასწავლო თემის წამოწევასა და თვითგანვითარების აუცილებლობას. ხშირად გვაქვს ფასდაკლებები ფრილანსერებისთვის მნიშვნელოვან საერთო სამუშაო სივრცეებსა და ონლაინ სასწავლო აკადემიების სხვადასხვა კურსებზეც.

  • რამდენად ეფექტურია ჯგუფი დამსაქმებლებისთვის?

პირველ რიგში ჯგუფი სასარგებლო იმიტომ არის, რომ ნაკლები დროის თუ ფინანსური დანახარჯებით შეძლებთ კადრის მოძიებას. ასევე შეძლებთ ამ კადრის რეკომენდატორის მოძიებას და მოწოდებული ინფრომაციის გადამოწმებასაც. გარდა ამისა, დამსაქმებელი იღებს უკუკავშირს, ეცნობა სფეროში მიმდინარე სიახლეებს როგორც საინფორმაციო პოსტებითა თუ სტატიებით, ასევე თავად პოტენციურად დასასაქმებელი პირებისგანაც. შესაბამისად, ექმნება ზოგადი წარმოდგენა სფეროს სტანდარტებზეც.

  • როგორ უმკლავდებით ჯგუფის მართვას?

ჯგუფის მართვა რთულია, ძალიან დიდ დროსა და გამძლეობას მოითხოვს. ხშირია შემთხვევები, როდესაც არ ვაქტიურობ პოსტებზე, რადგან ვცდილობ, არ ვიყო სუბიექტური და თავს არ მოვახვიო ჩემი დომინირება წევრებს. თითოეულ წევრზე  ვგრძნობ პასუხისმგებლობას და მათი ცუდი გამოცდილება ჩემთვის ძალიან სენსიტიურია. ხშირად მაქვს ხოლმე ჩართვები სხვადასხვა პრობლემების ირგვლივ და განხვილავ თემებს, როგორიცაა მაგ: როგორ უნდა მოვიქცეთ გასაუბრებაზე, რა დავალება არ უნდა შევასრულოთ,  რას მოიცავს ესა თუ ის პროფესია და რა ანაზღაურებით ფასდება იგი და ა.შ.

ვცდილობ, არ ვიყო ძალიან აქტიური ან ძალიან პასიური, ბალანსი მინდა დავიცვა. ამ ეტაპზე ჩემი სურვილი და მიზანი უფრო მეტი კომპანიისგან მიღებული ფასდაკლებებია ჯგუფის წევრებისთვის. რა თქმა უნდა, სასწავლო და მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის მიმართულებას ვგულისხმობ, რადგან ეს სამივე კომბინაციაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის.

  • რა გამოტივირებთ ჯგუფის მართვის პროცესში?

ადამიანები.

ადამიანები და საკუთარი იდეა, რომ დავაჯერო ყველა, რომ თუ რაიმე გულით გინდა, აუცილებლად მიაღწევ. მამოტივირებს კომპლიმენტები, პრობლემები და მიზანი, რომ საქართველოს შრომის ბაზარი შეიცვალოს, დარეგულირდეს. ადამიანური შრომა მინდა დაფასდეს და სწორად შეფასდეს. რა თქმა უნდა, კონკურენცია მოსულა, მაგრამ ყველაფერი ლოგიკის ფარგლებში.

  • რა რჩევებს მისცემდით სხვა ჯგუფის მმართველებს?

ვურჩევ, არ დაკარგონ მუხტი და იყვნენ ლიდერები. იყვნენ მომთმენები იმიტომ, რომ აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც ან ვიღაცები, ვისაც არ მოეწონება მათი გამოსვლა, პოსტი ან კომენტარი და ირონიულად ან აგრესიულადაც უპასუხებენ. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა გახდეს მოტივაციის დაკარგვის მიზეზი და უნდა გვახსოვდეს საწყისი მიზანი, რისთვისაც უამრავი შრომა გვაქვს გაწეული.