როგორ დავიწყოთ ბიზნესი ფულის გარეშე ან ძალიან მცირე კაპიტალით? – 5 პოპულარული მიმართულება

მილიონობით ადამიანივით ალბათ, თქვენც ოცნებობთ, გქონდეთ საკუთარი ბიზნესი და სწრაფად მიაღწიოთ წარმატებას. ამ ოცნების განხორციელებას კი ბევრი დაბრკოლება ხვდება წინ: ფინანსებისა და მოტივაციის სიმცირე, დროის არქონა ან სულაც საინტერესო იდეის არარსებობა.
საინტერესო და კრეატიული იდეა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ბიზნესის დაწყებაში ყველაზე დიდ როლს სასტარტო კაპიტალი თამაშობს, რომელზეც სამწუხაროდ, ხელმისაწვდომობა ბევრ ჩვენგანს არ გააჩნია.
საინტერესო იდეის და მისი ვალიდურობის დამტკიცების შემთხვევაში, სხვადასხვა სტარტაპ აქსელერატორი ბიზნესის დასაწყებად გრანტს აუცილებლად გამოგიყოფთ, თუმცა გაზრდილი კონკურენციის პირობებში ყველას არ უმართლებს. გარდა ამისა, მხოლოდ ფონდების დაფინანსების იმედი რომ არ გვქონდეს, შეგვიძლია, ზოგიერთი ბიზნესი ფულის გარეშეც დავიწყოთ.
ჩვენ გთავაზობთ 5 საქმიანობას და მისი შესწავლის მარტივ გზებს, რომელიც საკუთარი ბიზნესის დაწყებას გაგიმარტივებთ იმ შემთხვევაშიც, თუ უკვე დასაქმებული ხართ და დროის სიმცირეს უჩივით.
ციფრული მარკეტერი
თქვენ შეგიძლიათ, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია ონლაინ შეისწავლოთ, გაეცნოთ მის ინსტრუმენტებს, შექმნათ საინტერესო კონტენტი და მიაწოდოთ აუდიტორიას.
ციფრული მარკეტერების ნაწილი იმავე კომპანიის ოფისიდან სულაც არ მუშაობს, რომლის პოდუქტს ან სერვისსაც უწევს რეკლამირებას. მათი მოვალეობაა, გაზარდონ ბრენდის ცნობადობა და ამისათვის გამოიყენონ სხვადასხვა არხი, იქნება ეს სოციალური მედია, კომპანიის ვებ-გვერდი, საძიებო სისტემები, ელექტრონული ფოტა, კომპანიის ბლოგი, და სხვა.
პროდუქტის ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობა მარტივი საქმე სულაც არ არის, მაგრამ მისი შესწავლა შესაძლებელია. თუ აქამდე მარკეტინგის შესასწავლად უცხოური ლიტერატურის გამოყენება გვიწევდა, რომელიც ხანდახან ტექსტის აღქმის მხრივ ბარიერებს ქმნის, დღეს, სტატიები, წყაროები, წიგნები, უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, უფასოდ. უფრო კონკრეტულად კი სპეციალურად მარკეტინგით დაინტერესებული პირებისთვის არსებობს ჩვენი ვებ-გვერდიც Digitalnews.ge, რომელზეც აღნიშნული სფერო მარტივი ენით არის ახსნილი და განთავსებულია ყველა საჭირო ლიტერატურა.
კონტენტ მარკეტინგი
თანამედროვე მარკეტერები დიდ იმედებს ამყარებენ კონტენტ მარკეტინგზე. მარკეტინგის ეს მიმართულება გულისხმობს მომხმარებლისთვის ინფორმაციის არა პირდაპირი რეკლამირების, არამედ საინტერესო სასარგებლო ფორმით მიწოდებას. შეიძლება ითქვას, რომ ეს ტრადიციულ მარკეტინგთან შედარებით ცოტა უფრო რთული, მაგრამ ეფექტური საშუალებაა.
კონტენტ მარკეტინგის ფორმა შეიძლება იყოს ბლოგი, საინტერესო სტატია, რომელიც მოიცავს რჩევებს, ასევე, საინფორმაციო და სასარგებლო მასალები, როგორც ჟურნალისტური, ისე არაჟურნალისტური.
კონტენტ მარკეტერების დიდი ნაწილი როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში ფრილანსერად მუშაობს. ბევრი მუდმივსამსახურიანი მარკეტერისთვის კი ეს დამატებითი შემოსავალია, რომელსაც სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობით იღებს. როგორც ციფრული მარკეტერის, ისე კონტენტ მარკეტერისთვისაც კონკრეტული კომპანიის ოფისიდან მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის. კონტენტის შექმნა და მისი აუდიტორიისთვის მიწოდება, ასევე მისი მეშვეობით ანაზღაურების მიღება ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება.
ეფილიეიტ მარკეტინგი
დღეს ეფილიეიტ მარკეტინგი შემოსავლის ონლაინ გამომუშავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. მისი მეშვეობით სწრაფად იზრდება ბრენდის ცნობადობა და გაყიდვები, ამიტომ კარგი ეფილიეიტ მარკეტერის პოვნა კომპანიის ინტერესებში შედის.
მისი შესწავლაც ონლაინ არის შესაძლებელი და ე.წ ფრილანს სამუშაოა, რომელსაც ნებისმიერი ადგილიდან, ერთი ლეპტოპით შეასრულებთ.
რამდენის გამომუშავება შეუძლიათ ეფილიეიტ მარკეტერებს? - ის, ვინც ბევრს მუშაობს და დამკვეთებისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს, წელიწადში 100 000 აშშ დოლარიდან 400 000 დოლარამდე შემოსავალს იღებს, თუმცა საქართველოში შეიძლება ანაზღაურება შედარებით მცირე იყოს. თითქმის ყველა საქმის წამოწყებას სჭირდება გარკვეული ინვესტიცია, ეფილიეიტ მარკეტინგზე მუშაობა კი შეგიძლიათ, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე დაიწყოთ და წარმატებასაც მიაღწიოთ. ეფილიეიტ მარკეტინგის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცანით აქ.
ინფლუენსერ მარკეტინგი
ინფლუენსერები გავლენას ახდენენ სხვა ადამიანების ყიდვის გადაწყვეტილებაზე. ბრენდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი ინფლუენსერის შერჩევა, რომლის მიმართაც აუდიტორია ნდობით არის აღჭურვილი.
ინფლუენერის საქმიანობა შორიდან რამდენად მარტივადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, გამომწერებისთვის საინტერესო კონტენტის შექმნა, თანაც მუდმივად განახლებად რეჟიმში, საკმაოდ შრომატევადია.
ინფლუენსერ მარკეტინგი თვითონ ინფლუენსერისთვის შემოსავლის მიღების გარდა, მისთვის საინტერესო საქმის კეთების შესაძლებლობაა. შესაბამისად, შეგიძლიათ, ყოველდღიურად იაროთ ერთ სამსახურში, მეორე სამსახური კი თქვენი ჰობი გახდეს (მაგალითად, მაკიაჟის კეთება და სხვადასხვა პროდუქტის შეფასება), რომლითაც უამრავ ადამიანს დააინტერესებთ. რა ნაბიჯები უნდა გავიაროთ ინფლუენსერობამდე და რას ნიშნავს ბრენდისთვის ინფლუენსერ მარკეტინგი, ამის შესახებ ქართულად ნათარგმნი მასალები შეგიძლიათ იხილოთ ინფლუენსერ მარკეტინგის კატეგორიაში.
იუთუბერის პროფესია
მართალია, ინფლუენსერ მარკეტინგი იუთუბერობასაც მოიცავს, მაგრამ ეს უკანასკნელი იმდენად გაიზარდა და პოპულარული გახდა, რომ ცალკე სამსახურად იქცა.
აუდიტორია დაინტერესებულია მაგალითად, სპორტში, თავის მოვლასა თუ იოგაში განსწავლული ადამიანების მოსმენით, მათი მხრიდან გამოცდილების გაზიარებით, რამაც იუთუბერობა მოთხოვნად პროფესიად აქცია.
ვიდეოები, რომელსაც ხალხი უყურებს არ უნდა იყოს ძალიან ვრცელი, უნდა იყოს მრავალფეროვანი და რაც მთავარია, სანდოობისთვის აუდიტორიას სწორი და პროფესიონალური ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.
თუ რომელიმე მიმართულება განსაკუთრებით გაინტერესებთ, მარტივად შეგიძლიათ, თქვენი ცოდნა სხვებსაც გაუზიაროთ და ამით შემოსავალიც მიიღოთ. ვიდეო მარკეტინგისა და ვიდეო კონტენტის შექმნის რეკომენდაციები და საინტერესო მასალებიც უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი.
ასევე დაგაინტერესებთ: