როგორ დავიწყოთ ინვესტირება

თებერვალი 09, 2022

როგორ დავიწყოთ ინვესტირება

თუ ინვესტირების დაწყებაზე ფიქრობთ, პირველ რიგში, მოგილოცავთ, რადგან გრძელვადიანი დოვლათის შესაქმნელად, ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

თუ ინვესტირების დაწყებაზე ფიქრობთ, პირველ რიგში, მოგილოცავთ, რადგან გრძელვადიანი დოვლათის შესაქმნელად ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. თუმცა, თუ ინვესტიციების სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამთ, იმედია ეს სტატია ამ ნაბიჯების გადადგმას გაგიმარტივებთ.

სანამ მძიმე შრომით გამომუშავებულ თანხებს საინვესტიციო ოპერაციებისკენ მიმართავთ, საბაზისო პრინციპების ცოდნა აუცილებლად დაგჭირდებათ. თითოეული ჩვენგანისთვის, ინვესტირების განსხვავებული მეთოდებია მისაღები და ოპტიმალური. ამის გასარკვევად, სამი რამ უნდა განიხილოთ:

  1. თქვენი სტილი
  2. თქვენი ბიუჯეტი
  3. რისკისადმი ტოლერანტობა

 

  1. თქვენი სტილი - რამდენი დროის დათმობას აპირებთ ინვესტირებისთვის?

ინვესტირების სამყაროში ორი - აქტიური და პასიური ინვესტირება არსებობს. ორივე მათგანს მისი დადებითი მახასიათებლები გააჩნია და შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ, თუ გრძელვადიან სარგებელზე ხართ ორიენტირებული. თუმცაღა, თქვენი სტილის, ბიუჯეტისა და ინტერესების შესწავლით, შესაძლოა მიხვდეთ, რომელია თქვენთვის მეტად კომფორტული.

აქტიური ინვესტირება გულისხმობს ინვესტიციების შესწავლას, პორტფოლიოს დაგეგმვასა და შენარჩუნებას. ამ ყველაფერს თავად უნდა აკეთებდეთ. თუ ცალკეული აქციების ყიდვა-გაყიდვას გეგმავთ ბროკერის დახმარებით, გამოდის, რომ აქტიურ ინვესტორობას აპირებთ. იმისათვის, რომ ეს როლი წარმატებით მოირგოთ, სამი რამაა საჭირო:

  • დრო: აქტიური ინვესტირება ბევრი „საშინაო დავალების“ შესრულებას მოითხოვს. დაგჭირდებათ საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლა, საბაზისო ანალიზების წარმოება და მონიტორინგი.
  • ცოდნა: დრო ვერაფერში დაგეხმარებათ, თუ არ გეცოდინებათ, როგორ გაანალიზოთ ინვესტიციები და აქციები. სულ მცირე, სააქციო ანალიზების საბაზისო მეთოდებს მაინც უნდა იცნობდეთ.
  • სურვილი: ბევრ ადამიანს, უბრალოდ არ სურს საათების გატარება ინვესტიციებზე დაკვირვებაში. აქტიურ ინვესტირებას შესაძლოა, უფრო მაღალი უკუგების მოტანა შეეძლოს, თუმცა პასიურ ინვესტირებასთან შედარებით, გაცილებით დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

საწყისი და საბაზისო ცოდნის მიღებაში, თანაც სრულიად უფასოდ, საქართველოს ბანკის მიერ შემოთავაზებული ონლაინ კურსი - „როგორ დაიწყო ინვესტირება $1-დან“ დაგეხმარებათ. ბიზნესკურსის ფარგლებში გეძლევათ შესაძლებლობა, გაიგოთ, თუ რა არის ინვესტირება და ახლოს გაეცნოთ მის ყველა მახასიათებელს. მათ შორის, გაეცნობით კაპიტალის ბაზრებს, მათ მონაწილეებს, ფასიანი ქაღალდების შერჩევის პროცესსა და მნიშვნელოვან რჩევებს, რომლებიც ინვესტირების დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოთ.

რაც შეეხება პასიურ ინვესტირებას, ეს თვითმფრინავის ავტოპილოტზე მიმართვას ჰგავს. კარგ შედეგებს გრძელვადიან პერიოდში მაინც მიიღებთ და ნაკლებ ძალისხმევასაც გაიღებთ. პასიური ინვესტირების დროს, თქვენ აბანდებთ ფულს და თქვენს საქმეს უკვე სხვა აგრძელებს. ასეთი სტრატეგიის მაგალითი შეიძლება იყოს ინვესტირება ზიარ ფონდებში.

 

  1. თქვენი ბიუჯეტი - რა ოდენობის თანხის ინვესტირება გსურთ?

შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ინვესტირებისთვის დიდი თანხებია საჭირო, თუმცა ინვესტირების დაწყება 100 დოლარითაც შეგიძლიათ. ის, თუ რა თანხით იწყებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის, მთავარი თქვენი მზადყოფნაა პერიოდული ინვესტირებისთვის.

გარდა ამისა, უნდა ეცადოთ, რომ „შავი დღისთვის“ სპეციალური დანაზოგები შექმნათ. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საჭიროების შემთხვევაში, აქციების გაყიდვა არ მოგიწიოთ. ამასთანავე, სასურველია თუ საკრეტიდო ვალდებულებებისგან განთავისუფლდებით. წლების განმავლობაში, ფინანსური ბაზარი წლიურ 9-10%-იან უკუგებას იძლეოდა. ლოგიკურია, რომ ასეთ პირობებში, 16 და 18%-იანი სესხის გადახდა თქვენს ფინანსურ მდგომარეობას საგრძნობლად დაასუსტებს.

 

  1. რისკისადმი ტოლერანტობა - რამდენად ხართ მზად ფინანსური რისკებისთვის?

ყველა განხორციელებული ინვესტიცია წარმატებული ვერ იქნება - ყველას თავისთვის დამახასიათებელი რისკი გააჩნია და ეს რისკები, ძირითად შემთხვევებში უკუგების მოცულობასთანაცაა დაკავშირებული. სასურველია, მიაგნოთ ბალანსს, რომელიც მოგების მაქსიმიზაციაში და რისკების თქვენთვის სასურველი დონის მოძებნაში დაგეხმარებათ. მაგალითად, ობლიგაციები საკმაოდ დაბალი რისკიანობით ხასიათდებიან, თუმცა მათი უკუგებაც შედარებით დაბალია (2-3%). მათგან განსხვავებით, აქციების უკუგება საშუალოდ, შესაძლოა წლიურ 10%-საც აღწევდეს.

თუმცა, აქციებსა და ობლიგაციებს შორისაც შეიძლება იყოს დიდი განსხვავება. მაგალითად, სახაზინო ობლიგაციები ან AAA კორპორაციული ობლიგაციები, ძალიან დაბალრისკიანი ინვესტიციების ჯგუფს მიეკუთვნება. მაგრამ ეს დაბალ შემოსავლებზეც აისახება. რაც უფრო მაღალია რისკი, მით მეტია უკუგების მოცულობაც. საწყის ეტაპზე, შესაძლოა, ფინანსური მრჩეველის დახმარებაც გამოიყენოთ, რათა თქვენთვის შესაფერისი პორტფოლიო შექმნათ.

ერთ-ერთი უმთავრესი კითხვა, რაც შეიძლება გაგიჩნდეთ, არის ის, თუ რაში უნდა დააბანდოთ თქვენი ფული. თუ უმრავლესობის მსგავსად, თქვენც არ გსურთ საათობით სააქციო ბაზარზე დაკვირვება და პორტფოლიოს მართვა, შეგიძლიათ პასიურ ინვესტირებას მიმართოთ და თქვენი შემოსავლები ისეთ ფონდებში დააბანდოთ, როგორიცაა საინდექსო ფონდი (მაგალითად, S&P 500) და ზიარი ფონდი. თუმცა, თუ გამოწვევებისთვის მზად ხართ, შეგიძლიათ სააქციო ბაზრის სამყაროში ფინანსური კონსულტაციების შემდეგ შეაბიჯოთ.

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

10 მარტივი პროდუქტი, რომლებმაც კომპანიებს მილიონიანი შემოსავლები მოუტანეს

რჩევები, რომლებიც ინვესტორების წინაშე წარდგენამდე უნდა გაითვალისწინოთ

რა როლს თამაშობს ტექნოლოგიური განვითარება ბიზნეს გადახდების პროცესში?