რჩევები, რომლებიც ინვესტორების წინაშე წარდგენამდე უნდა გაითვალისწინოთ

აგვისტო 12, 2021

რჩევები, რომლებიც ინვესტორების წინაშე წარდგენამდე უნდა გაითვალისწინოთ

თუ თქვენ ანტრეპრენერი ბრძანდებით ან აპირებთ გახდეთ ახლო მომავალში, საჭიროა იცოდეთ თუ როგორ წარუდგინოთ თქვენი ბიზნეს იდეა საზოგადოებას.

თუ თქვენ ანტრეპრენერი - მეწარმე ბრძანდებით ან აპირებთ გახდეთ ახლო მომავალში, საჭიროა იცოდეთ, თუ როგორ წარუდგინოთ თქვენი ბიზნეს იდეა საზოგადოებას. შესაძლოა, ინვესტიციების ძიებას სულაც არ აპირებდეთ, მაგრამ მტკიცე და ეფექტური წარდგენით ადამიანებს დაანახებთ, რომ თქვენს ბიზნესს ხუთი თითივით იცნობთ. ეს განსაკუთრებით სასარგებლო ხდება, როდესაც რეალურად იწყებთ ინვესტიციის მოძიებას და ინვესტორებთან თქვენი იდეით წარდგენას.

იდეის წარმატებული წარდგენისთვის აუცილებელია გაწერილი, მკაფიო ბიზნეს გეგმა. ამის შემდეგ კი იმაზე ფიქრი უნდა დაიწყოთ, თუ რა აქცევს თქვენს ბიზნესს ღირებულებად და რატომ უნდა სურდეთ ინვესტორებს მასში თანხის დაბანდება. ამიტომ თავდაპირველად, კარგად გაიაზრეთ თქვენი ბიზნესის თითოეული ნიუანსი და დაიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა.

  1. ნუ მოაწყენთ თქვენს აუდიტორიას

მაგალითად, როდესაც თქვენს ტექნიკურ მხარეს იყენებთ, აუდიტორიასთან რიცხვებით საუბრობთ და უსხნით მათ, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის პროგრამა, ძირითადად ამით ადამიანების ლოგიკური და ანალიტიკური უნარების გააქტიურებას ითხოვთ, რაც საბოლოო ჯამში მსმენელისთვის მოსაწყენი ხდება. დღის ბოლოს რიცხვები მაინც არავის ამახსოვრდება.

შთააგონეთ ისინი - თქვენი სწორი მხარე, ამ შემთხვევაში არის ის, რომელიც ადამიანებში წარმოსახვასა და შთაგონებას აღვიძებს. უამბეთ ადამიანებს თქვენი ისტორია და ამოგზაურეთ ისინი თქვენთან ერთად. თუკი ადამიანების ემოციურ ჩართულობას მოახერხებთ, მაშინ მათ აუცილებლად დაამახსოვრებთ თავს.

  1. ნუ დააბნევთ საკუთარ აუდიტორიას

დაბნეული გონება ყოველთვის უარს ამბობს. როდესაც ინდუსტრიისთვის დამახასიათებელ და სპეციფიკურ ტერმინებს იყენებთ ან ისეთ კომპლექსურ ჯაჭვს ადგენთ, რომლის გააზრებაც რთულია, ადამიანებს კონცენტრაცია და მასთან ერთად ყურადღებაც ეფანტებათ.

ესაუბრეთ მათ მკაფიო, ნათელი სიტყვებით. შესანიშნავი პრეზენტაცია 90 ან უფრო ნაკლებ წამშიც ეტევა. აქ მთავარი აქცენტი უნდა იყოს იმაზე, თუ ვის და რა პრობლემის გადაჭრაში ეხმარებით. როდესაც ადამიანებს თქვენს იდეას წარუდგენთ, მთავარია მათ ათქმევინოთ: „რა საინტერესოა, განაგრძეთ.“

  1. ნუ იყოყმანებთ იდეის წარდგენისას

ცნობილი ჩოგბურთის ლეგენდა - Arthur Ashe ამბობდა: „წარმატებისთვის მთავარი თავდაჯერებულობაა, ხოლო თავდაჯერებულობისთვის კი მომზადება.“ არ არის აუცილებელი, დაიმახსოვროთ ყველაფერი, რის თქმასაც აპირებთ, უბრალოდ ამაზე ისე უნდა ივარჯიშოთ, როგორც პროფესიონალი ათლეტი ვარჯიშობს თამაშის დღემდე.

იყავით ლაღი - როდესაც აუდიტორიას თქვენს იდეას წარუდგენთ, წარუდგინეთ ის როგორც ადამიანმა და არა რობოტმა. თქვენი ენთუზიაზმის ჩვენება, იმის ახსნა, თუ რატომ ხართ იდეალური ადამიანი ამ იდეის აღსრულებისთვის, ადამიანებს დადებით შთაბეჭდილებას უქმნის თქვენ მიმართ. გარდა ამისა, აუდიტორია იმაშიც უნდა დაარწმუნოთ, რომ ამ იდეის განხორციელებისთვის საუკეთესო დრო სწორედ ახლაა.

  1. ნუ იტყვით, რომ კონკურენტები არ გყავთ

როდესაც ინვესტორებს ეუბნებით, რომ თქვენ კონკურენტები არ გყავთ, ამით იმაზე მიანიშნებთ, რომ ისეთ ბაზარზე შედიხართ, სადაც არავის სურს თქვენი პროდუქტის შეძენა. გარდა ამისა, ნუ მოიხსენიებთ აბუჩად თქვენს კონკურენტებს.

აღწერეთ თქვენი ბარიერები კონკურენციის დაძლევისას - ინვესტორებს სურთ გაიგონ, თუ რა გაქცევთ თქვენ უნიკალურად და რა შეუშლით სხვებს ხელს თქვენს დაჩრდილვაში. მაგალითად, პატენტის არსებობის შემთხვევაში წარუდგინეთ ის ინვესტორებს და აჩვენეთ, რომ გაცილებით წინ უსწრებთ სხვებს აპლიკაციის დეველოპმენტში.

  1. ნუ დაიწყებთ მსოფლიოს დაპყრობით

ძალიან ბევრი ადამიანი უშვებს შეცდომას, როდესაც ცდილობს პროდუქტის ჩაშვებისას რამდენიმე სახის პროდუქტი რამდენიმე ბაზარზე ერთდროულად გაუშვას. ეს თქვენს იმიჯზეც ცუდად აისახება და თქვენს შესაძლებლობებზეც არ მეტყველებს დადებითად.

ფოკუსირდით ერთი პრობლემის აღმოფხვრაზე - გახსოვდეთ, რომ ამაზონმა მხოლოდ წიგნების ონლაინ გაყიდვა დაიწყო და დაამტკიცა, რომ ადამიანები მათ ამაზონის ონლაინ პლატფორმიდანაც შეიძენდნენ. ეს ყველაფერი კი მანამ, სანამ ისინი უამრავი პროდუქტის გაყიდვას დაიწყებდნენ. ხიდან ჯერ ყველაზე ქვევით მყოფი ნაყოფი მოწყვიტეთ და შემდეგ იფიქრეთ, თუ როგორ მიწვდეთ კენწეროს.

ამ რჩევების გათვალისწინების შემდეგ თქვენი იდეა და ის, თუ როგორ წარადგენთ მას, უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, ნუ წარმოაჩენთ თქვენს წარდგენას, როგორც სრულად გაყიდვაზე ორიენტირებულს - უამბეთ აუდიტორიას თქვენი ისტორია. ადამიანები უნდა გენდობოდნენ, მოსწონდეთ თქვენ და გიცნობდნენ მანამ, სანამ თქვენს იდეაში ინვესტიციას ჩადებდნენ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

თბილისიდან სან-ფრანცისკომდე - ქართული სტარტაპები სილიკონ ველიზე

როგორია გზა საქართველოდან სტარტაპერების სამოთხემდე

 

ეფილიეიტ მარკეტინგი