თბილისიდან სან-ფრანცისკომდე - ქართული სტარტაპები სილიკონ ველიზე

აგვისტო 03, 2021

თბილისიდან სან-ფრანცისკომდე - ქართული სტარტაპები სილიკონ ველიზე

ტექნოლოგიური ინოვაციების აკვანი, სტარტაპერების სამოთხე - ეს ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარების სინონიმად ქცეული სილიკონის ველია.

ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარების სინონიმად ქცეული სილიკონის ველი. ადგილი, სადაც მოსახვედრად უამრავი სტარატაპი იბრძვის მსოფლიოს გარშემო. ადგილი, სადაც მილიონობით და მილიარდობით ინვესტიცია მოზიდულა ამ ხნის განმავლობაში და ის სტარტაპებიც, რომლებიც სილიკონ ველიზე ხვდებიან, სწორედ განვითარების, მსოფლიოს წინაშე წარდგენისა და ინვესტიციების მოზიდვისკენ ისწრაფვიან.

სილიკონ ველი ისეთ წარმატებულ კომპანიებს აერთიანებს, როგორებიც არიან Facebook, Google, Mozilla, Opera, Yahoo, Adobe, Apple, eBay, Cisco Systems, LinkedIn Corporation, Xerox Parc, Netflix და კიდევ ათეულობით სხვა კომპანია. ალბათ იფიქრებთ, რომ ამ კომპანიების და მათი მიღწევების შემდეგ ვეღარავინ შეძლებს მსოფლიოს გაოცებას, რაიმე ისეთის შექმნას, რაც ხალხს გააკვირვებს, მაგრამ საბედნიეროდ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და შეგვიძლია სიამაყით განვაცხადოთ, რომ ამ კომპანიების გვერდით პოზიციების გამყარებას ქართული სტარტაპებიც ცდილობენ. ამ სიას 500 Startups-ის გამარჯვებული კომპანიები -  Cargon, Payze, Cardeal და Agrolabs მიეკუთვნებიან. კომპანიის წარმომადგენლები უკვე სილიკონ ველიზე იმყოფებიან და სინგაპურის აქსელერაციის პროგრამის გამარჯვებულ სტარტაპებს და მენტორებს ხვდებიან. 

Payze - ფეიზი

Payze როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ბაზარმა ერთ წელზე მეტია, რაც გაიცნო და მათ ამ დროისთვის მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის მოპოვება შეძლეს. კომპანია საკუთარ მომხმარებელს ინოვაციური გადახდის სისტემებს სთავაზობს და გაცილებით უმარტივებს ამ პროცესს. კომპანიას საკუთარი პირველი ციფრული გადახდის მისაღებად შესაძლოა, ორ თვეზე მეტიც კი დასჭირდეს, ფეიზისთან ერთად კი ეს ყველაფერი გაცილებით მარტივია. მათი პროგრამის ინტეგრირება კომპანიის ვებ-გვერდზე სულ რაღაც ორ საათშია შესაძლებელი - ამის შემდეგ კომპანია უკვე თავისუფლად იღებს ონლაინ გადახდებს მსოფილიოს მასშტაბით. საქართველოში წამში ორი ონლაინ ტრანზაქცია ხორციელდება, თუმცა ფეიზის პროგრამას შეუძლია წამში ათას ხუთასი გატარება განახორციელოს. არაერთი გრანტის მოპოვებისა და VISA-ს აღიარების შემდეგ, ფეიზიმ 500 Startups-ში გაიმარჯვა და სულ მალე უკვე სილიკონ ველიზე, დიდი წარმატებით მიემგზავრება. ისინი იქ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და მსოფლიოსთვის ახალი პროდუქტის შეთავაზებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან.

Agrolabs - აგროლაბს

Agrolabs ტექნოლოგიური ინოვაციაა, რომელიც IoT სენსორების წყალობით, მცენარის განვითარების მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში და არა მარტო, სასათბურე მეურნეობა საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მის შესახებ საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული, რასაც აგროლაბსის დამფუძნებლებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. კომპანიის შექმნით მათი მიზანი სათბურების მუშაობის ეფექტურობის გაზრდა იყო და შეიძლება ითქვას, რომ მათ ამ მიზანს მიაღწიეს, რადგან ისინი 500 Startups-ის გამარჯვებულები გახდნენ. თუკი რომელიმე სფეროში გაციფრულება შესამჩნევი იქნებოდა, ერთ-ერთ ასეთ სფეროს სოფლის მეურნეობა უდავოდ მიეკუთვნება - აგროლაბსმა კი ეს შეძლო და სფეროში ინოვაციური გადატრიალება მოახდინა. ამ პროცესების გამართვაში და მათი ხედვების გამრავლფეროვნებაში უდიდესი წვლილი სწორედ აქსელერაციის პროგრამამ შეიტანა და ახლა ისინი სილიკონ ველიზე ეცდებიან მათი წარმატება კიდევ უფრო დიდი და ცნობილი გახადონ.

Cardeal

Cardeal კიდევ ერთი ქართული კომპანია იქნება, რომელიც 500 Startups-ში გამარჯვების შემდეგ სილიკონ ველიზე გაემგზავრება და იქ საკუთარი ღირებულების გამყარებას შეეცდება. ეს არის კომპანია, რომელმაც ერთ წელიწადში 1.6 მილიონი ლარის მიღება შეძლო ინვესტიციის სახით. კომპანია მომხმარებელს ეხმარება ავტომობილის შეძენის თითოეულ ეტაპზე - შერჩევის დაწყებიდან ავტომობილის შეძენამდე და მის ტრანსპორტირებამდე. მეორადი ავტომობილის აუქციონით შერჩევის დროს, უამრავი ადამიანი ტყუვდება ავტომობილის მდგომარეობით და ამაში დამატებითი საფასურის გადახდაც უწევს. ქარდილი ამ ყველაფრის თავიდან აცილებაში ეხმარება საკუთარ მომხმარებლებს, რასაც პროფესიონალ დილერებთან ერთად ახერხებს. თქვენ მათი კონსულტაციის მიღებაც შეგიძლიათ, ის ფაქტობრივად სულ თქვენთან ერთად არის. მათი მიზანია, საწყის ეტაპზე რეგიონალურ დონეზე იყვნენ წამყვანი ციფრული პლატფორმა ავტომობილების მიმართულებით. ამ მიზნის მიღწევაში მათ სწორედ სილიკონ ველი და უცხოელი ინვესტიციები დაეხმარება.

Cargon

„დაზოგე ფული, დაზოგე დრო, გაამარტივე გადაზიდვა“ - ეს კარგონის მარტივი, სწრაფი და ინოვაციური მოწინავე სერვისია მძლავრი ანალიტიკური ინსტრუმენტებით. Cargon არის ერთ-ერთი პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც 500 Startups-ში გამარჯვება შეძლო და აგვისტოში სილიკონ ველიზე მიემგზავრება. მომენტალური ფასის დადგენით, ტვირთის გადამზიდავებს ისინი თავიდან არიდებენ უსასრულო ტელეფონის ზარებსა და მეილებს. ამავდროულად კი საგრძნობლად უმცირებენ ტრანსპორტირების ხარჯებს. რეალურ დროში მონიტორინგის საშუალებით, თქვენ ყოველთვის გექნებათ საჭირო ინფორმაცია ტვირთის შესახებ. კარგონი ციფრული ლოგისტიკური პლატფორმაა, რომელიც გამგზავნს გადამზიდთან აკავშირების - ღილაკზე ერთი თითის დაჭერით ერთდროულად შესაძლებელია ფასის დადგენა, ტვირთის საიმედოდ გაგზავნა და მის გადაადგილებაზე რეალურ დროში დაკვირვება. Cargon საქართველოს გარდა უკვე რუსეთისა და სომხეთის ბაზარზეც ოპერირებს. სილიკონ ველიზე გამგზავრება კი იმის ნიშანია, რომ მათთვის ეს ორი ქვეყანა მხოლოდ დასაწყისია.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორია გზა საქართველოდან სტარტაპერების სამოთხემდე

ამაზონზე დაწყებული ბიზნესი და ადამიანები, რომლებიც მილიონერები გახდნენ

როგორ ეხმარება MaxinAI ქართულ კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში

ეფილიეიტ მარკეტინგი