სოციალური მედია მარკეტინგი სარესტორნო ბიზნესებისთვის

მაისი 30, 2021

სოციალური მედია მარკეტინგი სარესტორნო ბიზნესებისთვის

რესტორნებმა უნდა შეძლონ, შექმნან ისეთი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც სოციალურ მედია პლატრფორმებს მომხმარებელთა მოსაზიდად გამოიყენებენ

ხარისხიან სოციალურ მედია მარკეტინგს რესტორნისთვის საკმაოდ ბევრი მომხმარელის მოზიდვა შეუძლია. ეს იმიტომ, რომ სოციალური მედია არის პლატფორმების ერთობლიობა, რომელსაც ადამიანები ხშირად იყენებენ გადაწყვეტილებების მისაღებად.

ეს კი განსაკუთრებით მართალია მაშინ, როდესაც საქმე საკვებს ეხება - ადამიანებს უყვართ საკვების სურათების გაზიარება და მათი ონლაინ სივრცეში ძიება. TouchBistro-ს გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა 41%-მა აღნიშნა, რომ მათ კონკრეტული რესტორანი დადებითი სოციალური მედია შეფასების გამო აირჩიეს.

ამას კი შემდეგ ფაქტამდე მივყავართ - რესტორნებმა უნდა შეძლონ, შექმნან ისეთი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც სოციალურ მედია პლატრფორმებს მომხმარებელთა მოსაზიდად გამოიყენებენ - და ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.  შეიძლება სულაც არ იყოთ ექსპერტი, თუმცა უბრალოდ სოციალური პროფილის შექმნაც კი საკმაოდ დიდ სხვაობას მოგცემთ და წარმოგაჩენთ ონლაინ სამყაროში.

ამ სტატიაში გაიგებთ, თუ რა გჭირდებათ იმისათვის, რომ თქვენი რესტორნის წარმატება სოციალური მედია მარკეტინგის დახმარებით გაზარდოთ.

#1 ეტაპი: წარმოაჩნიეთ თქვენი რესტორანი სოციალურ მედია სივრცეში

პირველ რიგში, შექმენით თქვენი რესტორნის სოციალური მედია ანგარიში იმ პლატფორმებზე, რომლებსაც თქვენი მომხმარებლები იყენებენ.

ფეისბუქი და ინსტაგრამი ძირითადი პლატფორმებია რესტორნებისთვის. თუ ფიქრობთ, რომ სხვა პლატფორმებიც დაგეხმარებათ მომხმარებელთან დაკავშირებაში, მაშინ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მათი გამოყენებაც სცადოთ.

როგორ შევქმნათ რესტორნის ფეისბუქ ანგარიში

2.4 მილიარდი მომხმარებლით ფეისბუქი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი სოციალური პლატფორმაა და ნებისმიერი სოციალური მედია სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ამასთან ერთად, კვლევები აჩვენებს, რომ მომხმარებელთა 50% ახალი ბიზნესების აღმოსაჩენად სწორედ სოციალურ მედიას იყენებს.

საბედნიეროდ, ფეისბუქზე ძალიან მარტივია რესტორნისთვის ბიზნეს გვერდის შექმნა და ეს სრულიად უფასოა.

უბრალოდ საჭიროა, დააწვეთ „შექმენით გვერდი“ ღილაკს და შეავსოთ ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენ შესახებ.

ზემოთ მოცემულ სურათზე გამოსახული რესტორნის ფეისბუქ გვერდი - Gusto ამის შესანიშნავი მაგალითია.

საკუთარ პროფილზე რესტორანს წარმოდგენილი აქვს:

  • სამუშაო საათები
  • მისამართი
  • ვებ-გვერდის ბმული
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მენიუ და ინფორმაცია საკვების შესახებ (სურათებთან ერთად)
  • როდის შეიძლება იყვნენ გადატვირთული
  • მომხმარებელთა მიმოხილვები

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იშვიათად პოსტავდეთ გვერდზე, განახლებული ინფორმაცია ყოველთვის უზრუნველყოფს იმას, რომ ხალხს თქვენი გვერდი გამოუჩნდეს მაშინ, როდესაც მის მოძებნას ეცდებიან. თუ გვერდის ოპტიმიზაციას ეცდებით, შესაძლოა, უფრო ზოგადი ტერმინების საძიებო შედეგებშიც აღმოჩნდეთ, მაგალითად: „[ლოკაცია] რესტორანი“.

როგორ შევქმნათ რესტორნის ინსტაგრამ პროფილი

ინსტაგრამი არანაკლებ ცნობილი პლატფორმაა სარესტორნო ბიზნესის გასარეკლამებლად. მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის მისი თავდაპირველი დანიშნულება - მიმზიდველი ფოტოების გაზიარება სოციალურ ქსელში.

ფეისბუქის მსგავსად, ინსტაგრამსაც ძლიერი გავლენა აქვს მსყიდველობით გადაწყვეტილებაზე. ბრიტანეთში დაფუძნებული იტალიური კვების ობიექტის ქსელის- Zizzi-ს კველვის თანახმად, 18-35 წლამდე ასაკის ადამიანების 30% უარყოფს რესტორანს, თუ მისი ინსტაგრამი სუსტი და დაბალხარისხიანია.

ინსტაგრამის ბიზნეს პროფილი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც პერსონალური გვერდი, თუმცა მათ წვდომა სხვადასხვა ბიზნეს სტატისტიკებზეც აქვთ.

ბურგერების რესტორანს ShakeShack-ს შესანიშნავი ინსტაგრამის პროფილი აქვს. მათ წარმოდგენილი აქვთ მოკლე ბიოგრაფია, რომელიც მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის რესტორნის შესახებ და ასევე თანდართულია რესტორნის ვებ-გვერდის ბმულიც, რათა მომხმარებელს მათი მოძებნა და საკვების ონლაინ შეკვეთა გაუმარტივდეს.

ასევე შესანიშნავად იყენებენ ისინი ინსტაგრამის სთორის პოტენციალს. მათ „highlight“-ების სახით აქვთ გამოყოფილი 9 სთორი, რომელიც ინფორმაციას შეიცავს სხვადასხვა პროდუქტისა და წამოწყებების შესახებ.

ნაკლოვანება ინსტაგრამის პროფილის ის არის, რომ ბმულის დართვა მხოლოდ "bio" სექციაშია შესაძლებელი და მას ცალკეულ პოსტებს ვერ დაურთავთ.

მთავარ გვერდზე მათი გაგზავნის ნაცვლად, ეცადეთ ისინი თქვენი საიტის ყველაზე მნიშვნელოვან გვერდზე გადაიყვანოთ. მაგალითად გვერდზე, სადაც ონლაინ რეზერვაციას, საკვების შეკვეთას ან აპლიკაციის გადმოწერას შეძლებენ.

#2 ეტაპი: შექმენით დიდებული პოსტები

მას შემდეგ, რაც თქვენს პროფილს შექმნით და სრულყოფილად გამართავთ, საჭიროა უკვე კონტენტის შექმნასაც შეუდგეთ. ეს გადამწყვეტი საფეხურია თქვენი სოციალური მედია იმიჯისთვის. გთავაზობთ რამდენიმე პოსტს შთაგონებისთვის:

სურათები მენიუდან

 

 

ყველაზე გავრცელებული სახეობა სოციალური მედია პოსტებისთვის არის საკვების სურათები. სწორედ ეს მადის აღმძვრელი სურათებია ის, რაც მომხმარებელს თქვენს რესტორანში მოსვლას მოანდომებს. სურათთან ერთად დაურთეთ მას აღწერა და რამდენიმე რელევანტური ჰეშთეგი, შემდეგ კი დააკვირდით მოწონებების შემოდინებას.

ასეთი პოსტების გამოყენება შეგიძლიათ ასევე მენიუში ახალი კერძის დამატებისას, რათა ხალხს სიახლის შესახებ აცნობოთ და რესტორანში მოსვლისაკენ უბიძგოთ. შესაძლებელია ამ სურათების ქვემოთ განხილულ სხვადასხვა ვარიანტებთან გაერთიანებაც.

სპეციალური შეთავაზებები

თქვენი შეთავაზებების გარეკლამება სოციალური მედიის საშუალებით შესანიშნავი გზაა მომხმარებელთა მოსაზიდად.

რესტორნის მომხმარებელთა 80% მას მიღებული შეთავაზებების გათვალისწინებით სტუმრობს და თუ მათ სასიამოვნო გამოცდილება მიიღეს, რა თქმა უნდა, უკანაც დაბრუნდებიან.

გამოიყენეთ ეს სპეციალური შეთავაზებები ისეთი მომენტებისთვის, როდესაც რესტორანი გადატვირთული არ არის, ან გსურთ მომხმარებელს მენიუში სიახლის შესახებ უამბოთ.

მომხმარებლის მიერ წარმოებული კონტენტი

მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტის გადაზიარება ხალხს აფიქრებინებს, რომ თქვენ საკუთარ მომხმარებელთან მუდმივი კონტაქტი გაქვთ და ამასთანავე, უბიძგებს სხვებსაც, ისაუბრონ თქვენი რესტორნის შესახებ.

ეს ასევე შესანიშნავი გზაა თქვენი გვერდისთვის მაღალხარისხიანი კონტეტნის შესაქმნელად. უბრალოდ დარწმუნდით, რომ მომხმარებლის ნებართვას იღებთ, სანამ მის სურათს თქვენს გვერდზე გადააზიარებდეთ.

ბევრი რესტორანი მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტისთვის სთორის იყენებს და მთავარ გვერდს საკუთარი კონტენტისთვის ინახავს. თუ ადამიანი საკუთარ პოსტზე მოგნიშნავთ ან საჯაროდ დადებს „სთორის“, მაშინ თქვენთვის უმარტივესი იქნება მისი გადაზიარება.

კონკურსები

შეჯიბრები და კონკურსები იდეალური საშუალებაა თქვენი ბიზნესის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად. აირჩიეთ ყველასათვის მიმზიდველი პრიზი - მაგალითად უფასო კერძი რესტორანში, მოიფიქრეთ მეთოდი კონკურსში ჩასართველად. ისეთი მეთოდი, რომელიც გაზრდის თქვენი სოციალური მედია ანგარიშის რიჩს (მიღწევადობას).

წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს ამის განსახორციელებლად:

  • სთხოვეთ ხალხს, დაწერონ კომენტარი პოსტზე და მონიშნონ მეგობარი, ვისთან ერთადაც რესტორანში წავიდოდნენ. აირჩიეთ რომელიმე პასუხი და დაასაჩუქრეთ მისი ავტორი.
  • მოუწოდეთ ხალხს, გააზიარონ პოსტი საკუთარ ფეისბუქ ან ინსტაგრამ გვერდზე.
  • სთხოვეთ მათ, გააზიარონ თქვენს რესტორანში გადაღებული სურათი კონკრეტული ჰეშთეგით და შეარჩიეთ გამარჯვებული.
  • გაზარდეთ გამომწერთა რიცხვი მათთვის გვერდის მოწონებისა და გამოწერის თხოვნის საშუალებით და მიეცით მათ სანაცვლოდ გამარჯვების შანსი.

ხუმრობები და მიმები

თუკი ეს თქვენს ბრენდს და სამიზნე აუდიტორიას შეესაბამება, ნუ მოერიდებით ხუმრობებისა და სახალისო მიმების დაპოსტვასაც. ეს საკმაოდ ეფექტური გზაა თქვენს აუდიტორიასთან დასაკავშირებლად და არც რეკლამის სახე აქვს.

აუდიტორიასთან ხუმრობების გაზიარებით კომპანია უფრო უახლოვდება მომხმარებელს.

„კულისებს მიღმა“ კონტენ

კულისებს მიღმა კონტენტის გამოქვეყნებით ბრენდს საშუალება ეძლევა, უფრო ჰუმანური და უშუალო გამოჩნდეს.

ასეთი კონტენტი შეიძლება იყოს სურათი, სადაც შეფი კონკრეტული საღამოსთვის ამზადებს კერძს. ეს მომხმარებელს ექსკლუზიურ შესაძლებლობას აძლევს, დაინახონ ადამიანური ელემენტები კომპანიის მიღმა.

შესანიშნავი სოციალური მედია პოსტის რეცეპტი

მაღალ ხარისხიანი სურათი

სურათები თქვენი სოციალური მედიისთვის უმთავრესი ფაქტორია, ვინაიდან ეს ის არის, რასაც მომხმარებელი პირველად ხედავს.

თუ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ ფოტოგრაფიულ უნარებში, იფიქრეთ პროფესიონალის დაქირავებაზე, რომელიც თქვენს საკვებს მიმზიდველად წარმოაჩენს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია იქნება თქვენს მარკეტინგულ აქტივობებს შორის.

ტექსტი, რომელიც იწვევს ჩართულობას

თქვენი პოსტის ტექსტი არის ადგილი, სადაც თქვენი მესიჯი ვრცელდება. დარწმუნდით, რომ ის აშკარა, გრამატიკულად გამართული და უშეცდომოა. სოციალური მედია პოსტის შექმნისას იფიქრეთ თქვენს აუდიტორიაზე და იმ ტონზე, რომელიც მათთვის მისაღები იქნება.

იყავით კრეატიული - იფიქრეთ ინფორმაციის დართვაზე თქვენი მენიუდან, რათა პოსტი უფრო მიმზიდველი გახდეს. ახსენით საკვების მომზადების პროცესი ან ისაუბრეთ თქვენი ინგრედიენტების წყაროების შესახებ.

კითხვების დასმა ძალიან ეფექტური საშუალებაა დიალოგის გასამართად. პირდაპირი და უშუალო საუბარი კი დაგეხმარებათ მომხმარებლის ჩართულობის ამაღლებაში და უბიძგებს მათ კომენტარების დატოვებისკენ.

გამოკვლეული ჰეშთეგები

ჰეშთეგები შესანიშნავი საშუალებაა ფართო აუდიტორიასთან მოსახვედრად.

გამოქვეყნებამდე გამოიკვლიეთ ტრენდული ჰეშთეგები, რომლებსაც ადამიანები ხშირად იყენებენ საკვები ადგილის მოძიებისას. ამისათვის მარტივი გზაა იმის გამოკვლევა, თუ რას იყენებს თქვენი კონკურენტი.

ალტერნატიული საშუალებაა იმ საკითხებისა და თემების გამოკვლევა, რომელიც პოპულარულია მიმდინარედ. გამოსადეგი ჰეშთეგი იქნება ის, რომელიც თქვენი რესტორნის ლოკაციასა და დასახელებას მოიცავს ან ლოკაციის სახელსა და საკვები პროდუქტის ტიპის კომბინაციას.

კონკურენციისა და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შეიძლება, თქვენი ჰეშთეგები გაცილებით სპეციფიკურიც იყოს.

თქვენ შეგიძლიათ 30-მდე ჰეშთეგი გამოიყენოთ ერთ პოსტში. ვინაიდან ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ბევრი ჰეშთეგი შესაძლოა „სპამი“ იყოს, შეგიძლიათ ეს ჰეშთეგები აღწერის ბოლოში დამალოთ, რათა ადამიანებმა ის მხოლოდ მაშინ ნახონ, თუ პოსტზე გადმოვლენ.

რა თქმა უნდა, ჰეშთეგების ოპტიმალური რაოდენობის დასადგენად საუკეთესო გზას ექსპერიმენტები და ცდები წარმოადგენს.

#3 ეტაპი: გამოიყენეთ სოციალური მედია ინფლუენსერები

სოციალური მედია ინფლუენსერების გამოყენება შესაძლოა, საუკეთესო გზა აღმოჩნდეს ფართო აუდიტორიაზე გასასვლელად.

არსებობს რამდენიმე გზა მათი გამოყენებისთვის.

პოსტისთვის თანხის გადახდა ყველაზე მარტივ გზას წარმოადგენს. თუ გადაწყვეტთ, რომ ინფლუენსერს გადაუხადოთ თქვენ შესახებ პოსტის დასაწერად, დარწმუნდით, რომ მისი აუდიტორია თქვენს სამიზნე აუდიტორიას შეესაბამება. ეს მოიცავს მათ შორის დემოგრაფიასა და აუდიტორიის ადგილმდებარეობასაც.

ასევე დაგჭირდებათ იმის შემოწმება, თუ რამდენად არის ჩართული მისი აუდიტორია. ინფლუენსერი, რომელსაც გამომწერთა დაბალი რიცხვი, მაგრამ მაღალი ჩართულობა ახასიათებს, გაცილებით უკეთესი შეიძლება იყოს, ვიდრე ინფლუენსერი ბევრი გამომწერითა და დაბალი ჩართულობის მაჩვენებლით.

კიდევ ერთ გზას არსებული მომხმარებლის მიკრო-ინფლუენსერად გამოყენება წარმოადგენს. ეს საკმაოდ ეფექტური გზა იქნება თქვენი რესტორნის გასარეკლამებლად, რადგან უამრავი კვლევის თანახმად, ადამიანები რეკომენდაციებს უფრო მეტად საკუთარი მეგობრებისგან ან ოჯახისგან იღებენ.

რამდენიმე იდეა, თუ როგორ ვუბიძგოთ მომხმარებლებს, შექმნან სოციალური მედია პოსტი ჩვენ შესახებ:

  • შესთავაზეთ უფასო პროდუქტი ან ფასდაკლებები ისეთ ადამიანებს, ვინც თქვენს რესტორანზე დაპოსტავს. ეს სტრატეგია გაცილებით მეტ სოციალურ მედია პოსტს მოგიტანთ და ძალიან მცირე ძალისხმევას წაგართმევთ.
  • დააანონსეთ ღონისძიება და მოიწვიეთ ხალხი. მოძებნეთ ისეთი ხალხი, ვინც უკვე დაწერა თქვენს ან თქვენს ახლოს მდებარე რესტორანზე რაიმე პოსტი. შესაძლოა გააერთიანოთ მიკრო და მსხვილი ინფლუენსერებიც.

#4 ეტაპი: ფოკუსირდით საკვებზე

საკვები, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობთ და უფრო კონკრეტულად, თუ როგორ წარადგენთ მას, უდავოდ უმიშვნელოვანესი ფაქტორია მომხმარებლისთვის.

როდესაც რაიმე კერძს ქმნით, დაფიქრდით თუ არის შესაძლებლობა, რომ ის უფრო მიმზიდველი გახადოთ სოციალური მედიისთვის. ეს უბრალო ელემენტების შეტანასთან არის დაკავშირებული, რომელიც საკვებს უფრო მიმზიდველად წარმოაჩენს.

თუმცა, მხოლოდ საკვებითაც ნუ შემოიფარგლებით, ეცადეთ თქვენი ინტერიერიც გამოიყენოთ უპირატესობად.

საინტერესო განათებებს ან ინტერიერის დიზაინის ელემენტებს შეუძლია, თქვენთვის არაოფიციალური სივრცე შექმნას, რომელთანაც ადამიანებს სურათების გადაღება მოუნდებათ.

ადამიანებს უყვართ რესტორნის ასეთი სურათების გადაზიარება, რის ერთ-ერთ მაგალითსაც #paesanopizza რესტორანი და მისი ინტერიერი წარმოადგენს.

ეს იდეალური შესაძლებლობაა ბრენდინგისთვის, ვინაიდან ადამიანები არა მხოლოდ საკვების ფოტოებს, არამედ რესტორნის ფოტოებსაც აზიარებენ.

მობილურ სტრატეგიაში სოციალური მედია გადამწყვეტ როლს თამაშობს

ადამიანები უფრო და უფრო მეტ დროს ხარჯავენ მობილურებზე და სწორედ ამიტომ, ეფექტური მობილური სტრატეგიის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

სოციალური მედია კი ამისთვის შეუცვლელია და მისი ეფექტურად მართვა არაერთი მიზნის მიღწევაში გეხმარებათ.

მიუხედავად ამისა, მობილური მარკეტინგული სტრატეგიისთვის ის ერთადერთი ელემენტი არ არის. თქვენი ძალისხმევის კომბინირებას მობილურ აპლიკაციებთან ერთად შეუძლია, თქვენი რესტორანი მუდმივად შეავსოს, მოიზიდოს და შეინარჩუნოს მომხმარებლები. მობილური აპლიკაციები რესტორნებისთვის ქმნის რეზერვაციებისა და სპეციალური შეთავაზებების გაკეთების შესაძლებლობას.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გავარეკლამოთ სარესტორნო ბიზნესი - 8 ეფექტური რჩევა

ციფრული მარკეტინგის ეფექტურად გამოყენების 12 გზა კვების ინდუსტრიისთვის

7 შეცდომა, რომელსაც მცირე ბიზნესები უშვებენ ფეისბუქ ბიზნეს გვერდის მართვისას