რატომ არ უნდა დაპოსტოთ ყველა სოციალურ ქსელში ერთდროულად

ყველა სოციალურ მედია არხში ერთდროულად პოსტვა, გარკვეულწილად სპამსაც წააგავს. გარდა ამისა, ამან შესაძლოა, თქვენი კამპანიის წარმატებაზეც იქონიოს გავლენა. სტატიაში გაიგებთ, თუ რატომ არ უნდა მოიქცეთ ასე და რა უნდა მოიმოქმედოთ სანაცვლოდ.
5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დაპოსტოთ ერთდროულად ყველა სოციალურ მედია არხში
1. ვერ მიიღებთ სასურველ ჩართულობას
თქვენი აუდიტორია ვერ იქნება ყველგან ერთსა და იმავე დროს. ისინი ან ტიკტოკზე არიან, ან ინსტაგრამზე, ან ფეისბუქზე... თუ ამ არხებში ერთსა და იმავე დროს პოსტავთ, დიდია იმის ალბათობა, რომ მომხმარებელმა თქვენი კონტენტი მხოლოდ ერთ პლატფორმაზე ნახოს. ეს კი საბოლოოდ, გავლენას ახდენს თქვენს ჩართულობაზე და კამპანიის წარმატებასაც უშლის ხელს.
ნაცვლად ამისა, იფიქრეთ სხვადასხვა გზებზე. ორიენტირდით კომენტარების, მოწონებების, კლიკებისა და მესიჯების რაოდენობაზე.
2. აუდიტორია გამოტოვებს მთავარ მესიჯებს
კამპანიის გაშვებამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ საჭირო მესიჯს საჭირო არხებში და საჭირო დროს აგზავნით. როდესაც სხვადასხვა პლატფორმაზე ერთდროულად პოსტავთ, თქვენი აუდიტორიის კედელს ერთსა და იმავე მესიჯით ავსებთ. ეს კი მათი მხრიდან ნაკლებ ჩართულობას იწვევს და შესაძლოა, პოსტი სულაც შეუმჩნეველი დარჩეთ.
3. თითოეულ პლატფორმას საკუთარი მახასიათებლები გააჩნია
სხვადასხვა სოციალურ მედია პლატფორმებს შორის განსხვავება საკმაოდ დიდია. თითოეულ მათგანს საკუთარი მახასიათებლები და მოთხოვნები გააჩნია. მაგალითად:
- სურათის მოცულობა;
- ზომები;
- ფორმატი;
- მინიმალური და მაქსიმალური პიქსელი;
- ტექსტის მოცულობა;
- CTA (ქმედებისკენ მოწოდება).
საუკეთესო ჩართულობის მისაღებად აუცილებელია, რომ ამ პლატფორმების მოთხოვნები ზედმიწევნით დაიცვათ. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ საკონდიტროს ფლობთ და შოკოლადის ახალი არომატის შესახებ ცნობადობის ამაღლება გსურთ. ამისათვის, შექმენით შესანიშნავი რილსი და ის ინსტაგრამსა და იუთუბზე გადააზიარეთ.
თუმცა, ამ ორ პლატფორმას, ვიდეო კონტენტის განსხვავებული მოთხოვნები აქვს. ინსტაგრამზე ვერტიკალური ვიდეოები იტვირთვება, ხოლო იუთუბზე ჰორიზონტალური. მაგრამ, YouTube Shorts-ის გამოჩენამ ეს პრობლემა გარკვეულწილად გადაჭრა, რადგან იმავე ფორმატს იმეორებს, რასაც ინსტაგრამი და ტიკტოკი მოითხოვს.
4. აუდიტორიები სხვადასხვა პლატფორმებზე, სხვადასხვა დროს აქტიურობენ
კონტენტის გამოსაქვეყნებლად დროების შერჩევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ადამიანები სოციალურ მედიას განსხვავებულ დროს იყენებენ, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ არის ჩვენი აუდიტორია და სად იმყოფებიან ისინი.
თუ თქვენი მომხმარებელთა ბაზა საქართველოს ფარგლებსაც სცდება, მაშინ შესაბამისად უნდა შეარჩიოთ დაპოსტვის დროები და სხვადასხვა სასაათო სარტყელებიც გაითვალისწინოთ. ამგვარად, თქვენ მაქსიმალურად გაზრდით ბრენდის ხილვადობასა და ჩართულობას.
5. დააზარალებთ თქვენი ოპტიმიზაციის სტრატეგიას (და არაპროფესიონალურად წარმოჩნდებით)
სოციალურ მედია მარკეტინგში მნიშვნელოვან როლს კამპანიების ოპტიმიზაცია და შედეგიანობაზე კონცენტრირება თამაშობს. მაგალითად, ტვიტერსა და ინსტაგრამზე პოსტის ოპტიმიზაციისათვის, ჰეშთეგებსაც ვიყენებთ, თუმცა ფეისბუქზე მათ ამდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვთ.
სხვადასხვა პლატფორმაზე კონტენტის გამოქვეყნება მათზე მორგების გარეშე, არაპროფესიონალურია. ამით თქვენს აუდიტორიას მხოლოდ იმას აჩვენებთ, რომ სოციალური მედიის პრინციპებს არ ითვალისწინებთ.
რა უნდა გაითვალისწინოთ სხვადასხვა სოციალურ მედია პლატფორმებზე დაპოსტვისას
პოსტების გამოქვეყნებამდე აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ რამდენიმე ასპექტი და დარწმუნდეთ, რომ ისინი მაქსიმალურად არიან მორგებული შესაბამის პლატფორმებს.
არის თუ არა ტექსტი შესაბამისი მოცულობის?
რასაკვირველია, ტექსტი, რომელსაც ერთი პლატფორმისთვის წერთ, შესაძლოა არ გამოდგეს სხვა სოციალური მედია არხისთვის:
- ტვიტერის ტექსტის მაქსიმალური მოცულობა — 280 სიტყვაა;
- ფეისბუქის — 63,206;
- ინსტაგრამის — 2,200.
გამოიკვლიეთ ყველა პლატფორმისთვის ტექსტის იდეალური ზომები და თქვენი პოსტებიც მათ მოარგეთ.
სწორად არის შერჩეული ფოტოს ზომები?
აუცილებლად გაარკვიეთ თითოეული მედიისთვის საჭირო სურათის ზომები. ეს თქვენს კონტენტს მეტად პროფესიონალურად წარმოაჩენს. და, რა თქმა უნდა, მოერიდეთ პიქსელირებულ ფოტოებს. მომხმარებლისთვის ასეთი ფოტოები საკმაოდ ცუდი აღსაქმელია და თქვენს იმიჯზეც უარყოფითად მოქმედებს. სოციალური მედიის მიხედვით სურათის საჭირო ზომებს, შეგიძლიათ ამ სტატიაში გაეცნოთ.
თანხვედრაშია თუ არა კონტენტი სოციალურ მედია არხთან?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვადასხვა სოციალურ მედია პლატფორმებს განსხვავებული აუდიტორიები ჰყავთ. შესაბამისად, თქვენი პოსტები ამ ადამიანებზე უნდა იყოს მორგებული. მაგალითად, LinkedIn ძირითადად, 25-34 წლის ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი, ტიკტოკი უფრო მეტად Gen-Z თაობაზე.
ის გზები, რომლითაც კონკრეტულ არხზე ცდილობთ კომუნიკაციას, აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს ამ აუდიტორიის დემოგრაფიულ მახასიათებლებსა და ინტერესებს. დარწმუნდით, რომ თქვენი კამპანიის მესიჯი თითოეული პლატფორმის შესაფერისია.
სწორი გვერდები გყავთ მონიშნული და სწორად იყენებთ ჰეშთეგებს?
არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე შესანიშნავი პოსტის შექმნა და არასწორი ადამიანის მონიშვნა ან კონტექსტიდან ამოვარდნილი ჰეშთეგის გამოყენება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს საკმაოდ ხშირად ხდება. ამიტომ, პოსტების გამოქვეყნებამდე, აუცილებლად შეამოწმეთ:
- რომ საჭირო ადამიანი ან ბრენდი გყავთ მონიშნული;
- რომ ჰეშთეგებს სწორად იყენებთ.
და გახსოვდეთ, რომ სოციალურ მედიაში პოსტების გამოქვეყნება რთული პროცესი არ უნდა იყოს. უბრალოდ საჭიროა: ამ ყველაფერს საკმარისი დრო დაუთმოთ, წინასწარ დაგეგმოთ პოსტები და შეარჩიოთ მათი გამოქვეყნების დროები და მოარგოთ თითოეული პოსტი შესაბამის პლატფორმას. ეს ყველაფერი ჩართულობის გაზრდაშიც დაგეხმარებათ და ამასთანავე, კამპანიის მესიჯის სათანადოდ გავრცელებასაც შეძლებთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
21 იდეა სოციალური მედია პოსტებისთვის
ინსტაგრამის ხელსაწყოები 2022 წლისთვის
6 რჩევა ეფექტური ინსტაგრამ კარუსელის პოსტებისთვის